კრებიიონი (Crebillon) პროსპერ (Jolyot) ჟოლიო (13. II. 1674, დიჟონი, – 17. VI. 1762, პარიზი), ფრანგი დრამატურგი. საფრ. აკად. წევრი 1731-იდან, ფრანგ. კლასიციზმის უკანასკნელი პერიოდის აზნაურულ-ეპიგონური ფრთის წარმომადგენელი. იგი გამოხატავდა არისტოკრატ. საზ-ბის განწყობილებას მისი ზნეობრივი საფუძვლების შერყევის ხანაში. კ-ის პიესებია: „ბრუტუსის ბავშვების სიკვდილი“, „იდომენე“ (ორივე 1705), „ატრევსი და თიესტე“ (1707), „ელექტრა“ (1708), „რადამისტი და ზნეობია“ (1711), „სემირამიდა“ (1717) და სხვ.
ტრაგედიას „რადამისტი და ზენობია“ საფუძვლად უდევს ძვ. საქართვ. და სომხ. ისტ. სიუჟეტი. მას ასახულია I ს. იბერიის დედაქალაქში, ფარსმანის სასახლეში მომხდარი ტრაგედია. ავტორი იყენებს ანტ., კერძოდ, ტაციტუსის წყაროებს. მართალია, ისტ. ფაქტი ხშირად მოკლებულია სიზუსტეს, მაგრამ საინტერესოდაა წარმოსახული ძლიერი, უშიშარი, მედგარი მებრძოლი, „იბერიის დიდებული მეფე“ ფარსმანი. საინტერესოა სომხ. მეფე მითრიდატეს სახეც. პიესაში მეტი ყურადღება ეთმობა პირად დრამას – ქართვ. ქალ-ვაჟის ტრაგიკული სიყვარულის ამბავს; გრძნობას უპირისპირდება სამშობლოს წინაშე მოვალეობა, რ-საც უპირატესობა ენიჭება. გონება იმარჯვებს გრძნობაზე. პიესა საკმაოდ პოპულარული იყო საფრანგეთსა და მის საზღვრებს გარეთაც. იგი „კომედი ფრანსეზის“ სცენაზე წარმატებით იდგმებოდა ს.-ს. ორბელიანის პარიზში ყოფნის დროსაც. უკანასკნელად დაიდგა 1829. პიესამ ინტერესი აღძრა როგორც მასში დამუშავებული თემის, ისე ტაციტუსის მასალებისადმი. 1720 ინგლისში დაიდგა ჰენდელის ოპერა „რადამისტი“. ა. გრიბოედოვიც წერდა დრამას „რადამისტი და ზენობია“, რ-იც დაუმთავრებელი დარჩა.
ლიტ.: გვახარია გ., ჟ. პ. დე კრებიიონის ტრაგედია ქართულ სიუჟეტზე, «ლიტერატურული გაზეთი», 1955, 9 სექტ. №36; ტაბაღუა ი., სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა საფრანგეთში, „მაცნე“, 1965, №3; ფანჩულიძე დ., ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, თბ., 1969; ფაღავა ა., ფრანგი დრამატურგის პიესა საქართველოზე, «ლიტერატურა და ხელოვნება», 1944, №12; Орловская Н. К., Грузия в литературах Западной Европы XVII-XVIII вв., Тб., 1965.
დ. ფანჩულიძე