კრესენშტაინი კრეს ფონ (Kressenstein) ფრიდრიხ ზიგმუნდ გეორგ ფრაიჰერ (24. IV. 1870, ნიურნბერგი, – 16. I. 1948, მიუნხენი), გერმანელი სამხედრო მოღვაწე და დიპლომატი. არტილერიის გენერალი (1928). I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სპეციალური სამხ. მისიით გაგზავნეს ოსმალეთში. იყო მე-8 თურქული არმიის სარდალი – ობერსლეიტენანტი. 1916–17 კ. ხელმძღვანელობდა თავდაცვით ბრძოლებს ინგლისელთა წინააღმდეგ სინაის ნ/კ-ზე, ღაზასთან და პალესტინაში. 1918 მაისში მას გენ.-მაიორის წოდება მიენიჭა. 1918–19 სათავეში ედგა გერმანიის იმპერიის დიპლ. და სამხ. მისიას კავკასიაში (რეზიდენცია – თბილისში). მან ხელი შეუწყო კავკასიაში გერმანული გავლენის გავრცელებას და საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის დაახლოებას გერმ. იმპერიასთან. ომის დამთავრების შემდეგ კ. დაბრუნდა გერმანიაში და განაგრძო ბავარიის სამხ. ძალებში სამსახური. 1924 მიიღო გენ.- ლეიტენენტის წოდება. საქართვ. ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველ შეხვედრაზე კ-მა განაცხადა: „კავკასიის უძველეს მიწაზე ჩვენ მოგვიყვანა არა მარტო სამხედრო მიზნებმა, არამედ უდიდესმა სურვილმა, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, აღიდგინოს თავისი ძველი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა“. ოპოზიციის შესახებ კი, რ-იც უცხო ძალის გამოყენებით არსებული პოლიტ. რეჟიმის შეცვლას ცდილობდა, წერდა: „ეროვნულ-დემოკრატების წარმომადგენლები ცდილობდნენ ჩემს წაქეზებას სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ და თავიანთი გეგმების სასარგებლოდ გადაბირებას“. იგი ურჩევდა ოპოზიციას, რომ „საქართველოს საშინაო პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება ევოლუციისა და არა რევოლუციის გზით იყო შესაძლებელი“. კ. მოხსენებით ბარათში თავის მთავრობას სთავაზობდა: „ხალხმა რომ დაინახოს, გერმანია მხოლოდ ერთი – თვითმმართველი პარტიის მხარეზე არა დგას და სურს დაეხმაროს მთლიანად ქართულ სახელმწიფოს, სასურველი იქნება ქვეყნის ხელმძღვანელ პირთა მსგავსად, გერმანული ორდენებით ოპოზიციის ლიდერებიც დავაჯილდოვოთ“. კ-ს უარყოფითი აზრი ჰქონდა სახალხო გვარდიასთან დაკავშირებით. იგი მიაჩნდა რევოლუციური ჯარის ყველაზე უარეს ფორმად. აფხაზებთან საქართვ. ხელისუფლების ურთიერთობაზე კ. წერდა: „აფხაზეთის მთელი მოსახლეობა ქართველების მხარეს იდგა, მხოლოდ ზოგიერთმა მსხვილმა მიწათმფლობელმა მიმართა თურქეთს დახმარებისათვის“.
საგულისხმოა ისიც, რომ კ-ის ცნობით, გერმანიამ თავისი ჯარების საქართველოდან გაყვანის წინ მძიმე შეიარაღება და ცხენები ქართველებს გადასცა. 1929 თადარიგში გავიდა. დაწერა მემუარები „ჩემი მისია კავკასიაში“.
თხზ.: ჩემი მისია კავკასიაში, გერმანულიდან თარგმნა, ისტორიული ნარკვევი და კომენტარები დაურთო ნ. მუშკუდიანმა, ქუთ., 2002.
ლიტ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–21), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, მთ. რედ. რ. მეტრეველი, ტ. 1, თბ., 1997; ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე ო., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბ., 2018.
ლ. მანიავა