კრიალოსანა

კრიალოსანა

კრიალოსანა (Hedysarum), მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები და ბუჩქბალახებია. მტევნისებრ ყვავილედებში თავმოყრილია მეტწილად ვარდისფერი, მეწამული და იისფერი ყვავილები. ნაყოფი კრიალოსნისებრი პარკია. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერი, იშვიათად არქტიკული ჰავის პირობებში, ჩრდ. აფრიკასა და ჩრდ. ამერიკაში.

საქართველოში გვხვდება 7 სახეობა. იზრდება მთისწინეთიდან ალპურ სარტყლამდე მეჩხერ ტყესა და ველზე, ტყის სარტყლის ველობებზე, ალპურ და სუბალპურ მდელოებზე, უფრო მეტად მშრალ, ქვიან ფერდობებსა და მერგელურ ჩამონაზვავებზე. საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კავკასიური კ. (H. caucasicum).