კრივი, სპორტის სახეობა, ორ სპორტსმენს შორის მუშტით ბრძოლა სპეცილური ხელთათმნითა და განსაკუთრებული წესების დაცვით. განვითარდა მუშტი-კრივიდან, რ-იც ცნობილი იყო 5000 წლის წინ შუმერში, ეგვიპტესა და ბაბილონში. ანტ. საბერძნეთში კ. შედიოდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. კ-ის წესები (უხელთათმნოდ) შეიმუშავეს XVIII ს. ინგლისში, 1867 იქვე დამტკიცდა ხელთათმნებით კ-ის პირველი წესები, რ-იც ცნობილია მარკიზ ქუინსბერის წესების სახელით.
სამოყვარულო კ-ში (AIBA - Amateur International Boxing Assotiation) ორთაბრძოლა ტარდება რინგზე სამ 3-წუთიან რაუნდად 240-300- გრამიანი რბილი ხელთათმნებით. მოკრივეს აცვია მაისური და ახურავს დამცავი მუზარადი. რაუნდებს შორის ერთწუთიანი შესვენებაა. გამარჯვებულად ცხადდება მოკრივე, რ-იც მოაგროვებს მეტ ქულას, მოიგებს ნოკაუტით ან მოწინააღმდეგე უარს იტყვის ბრძოლის გაგრძელებაზე. აკრძალულია დარტყმა წელსქვევით, კეფასა და ზურგში, ასევე თავის ან ფეხის დარტყმა. ბრძოლას სჯიან რეფერი (მსაჯი რინგზე) და 3–5 მსაჯი რინგის გარეთ. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.
არსებობს პროფესიულ მოკრივეთა სამი ძირითადი ფედერაცია – WBS, WBA და IBF. რაუნდების რაოდენობა 10–12-ია, მაისურის და დამცავი მუზარადის გამოყენება აკრძალულია, ხელთათმანი კი უფრო პატარაა.
XX ს. 20-იან წლებში საქართველოში გავრცელდა თანამედროვე კ., რ-ის დასაწყისადაც 1923 თბილისში ჩატარებული მ. ჭიჭინაძისა და კ. ჟიგაჩოვის შეხვედრა ითვლება (სსრკ-ში შეჯიბრება ტარდებოდა სამოყვარულო წესებით, საერთაშ. სარბიელზეც მხოლოდ ამ ტიპის შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ). ქართული კრივის პიონერები არიან პ. მარღანიძე (საზ-ბა „შევარდენის“ ძალოსნების სექციის ხელმძღვ.), გ. ბერიძე, ა. კრონე, ზ. მამამთავრიშვილი, გ. ხატიაშვილი, ვ. ხუციშვილი, გ. დარახველიძე, მ. კოვტუნი და სხვ.
1945 საქართველოს ნაკრები გახდა სსრკ ჩემპიონი (ბ. კალაძე, ე. მესიანი, ე. არისტაკოვი, გ. ვართანოვი, შ. გორგასლიძე, ბ. მელაძე, შ. დვალი, ლ. ღუდუშაური, ა. ნავასარდოვი, მწვრთნელი ა. გოლდშტეინი). სსრკ ჩემპიონები არიან გ. ვართანოვი (1938–40), შ. გორგასლიძე, ა. ნავასარდოვი (1944), ლ. ღუდუშაური (1945), გ. ხანუკაშვილი (1948), დ. კვაჭაძე (1976– 77, 1980), ა. ხიზანიშვილი (1980), რ. ფალიანი. 1977 ევროპის ჩემპიონი გახდა დ. კვაჭაძე. საქართვ. კრივის ფედერაცია დაარსდა 1991, რ-იც AIBA-ს წევრია 1992-იდან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ევროპის (1993) მსოფლიოს (1997) ჩემპიონი გახდა გ. კანდელაკი, რ-იც ასევე მსოფლიოს ჩემპიონია პროფესიონალებში WBU-ს ვერსიით (2002–04). რ. ფალიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე (1992), აგრეთვე არის ევროპის სამგზის (1996, 1998, 2000) და მსოფლიოს (2001) ჩემპიონი. მან 2002 პროფესიონალ მოკრივეთა შორის მოიპოვა ჩემპიონის ქამარი (ABF ვერსიით). ნ. სეხნიაშვილი ასპარეზობს პროფესიონალურ კრივში 2018-იდან, რ-მაც სადებიუტო ბრძოლაში ნოკაუტით დაამარცხა ე. გეითსი (2019). დღეისათვის ჩატარებული 7 ბრძოლიდან 5 ნოკაუტით მოიგო. კ. გოგოლაძე გახდა ევროპის თასის მფლობელი (1998), 1999 გადავიდა პროფესიონალურ კრივში, სადაც გამართა 18 ბრძოლა, აქედან 17 მოიგო (7-ნოკაუტით) და 1 ბრძოლაში დამარცხდა.
2017-იდან თბილისში იმართება დ. კვაჭაძის სახ. საერთაშ. ტურნირი, რ-იც „ბ“ კატეგორიისა და შეტანილია ევროპის კრივის ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში. ა. ხუნჯუა ქალებში (22-წლამდელთა შორის) ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი გახდა (2019).