დუდაური ოთარ ზაქარიას ძე

დუდაური ოთარ ზაქარიას ძე (დ. 23. IX. 1932, დუშეთი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (2003).

1955 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. იმავე წლიდან მუშაობს ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში. 1978–2005 ხელმძღვანელობდა ახლანდ. იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყ-ბას. 1995–2000 იყო გეოლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, 2005-იდან ამავე ინ-ტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელია.

დ-ის სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი სფეროა საქართვ. ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული მეზოზოური და კაინოზოური ინტრუზიული მაგმური წარმონაქმნების პეტროლოგიური თავისებურებების შესწავლა და მათი დათარიღება იზოტოპური გეოქრონოლოგიის მეთოდებით. დ. წლების განმავლობაში იყო საკავშირო მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული იზოტოპური გეოქრონოლოგიის კომისიის წევრი, მონაწილეობდა საერთაშ. გეოქრონოლოგიურ ექსპედიციებში მონღოლეთსა (1986) და რუმინეთში (1989), ხელმძღვანელობდა 1988 აფხაზეთში მოწყობილ საერთაშ. გეოქრონოლოგიურ ექსპედიციას. დ. არის საქართვ. ტექ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა (მ. შ. 1 მონოგრაფია), რ-თა ნაწილი დაბეჭდილია საზღვარგარეთ.