კრიხელი იოსებ მიხეილის ძე

ი. კრიხელი 

კრიხელი იოსებ მიხეილის ძე (10. V. 1931, ცხინვალი, – 22. IX. 1988, სოფ. ეშერა, აფხაზეთის არ), სპორტსმენი (მოჭადრაკე), საჭადრაკო კომპოზიტორი. საერთაშ. დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში (1984). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. ტექნიკის მეცნ. კანდიდატი.

მუშაობდა გორის ავტომატიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ლაბორატორიის გამგედ. 1947-იდან გამოაქვეყნა 1500-მდე საჭადრაკო ამოცანა და ეტიუდი. მრავალი წლის განმავლობაში იყო საჭადრაკო კომპოზიციაში სსრ კავშირის ნაკრების წევრი; საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მრავალსვლიანი ამოცანების შედგენაში (1984), მეორე (1971, 1983) და მესამე (1976, 1981, 1985) პრიზიორი, კოოპერაციული ჟანრის ამოცანების მსოფლიოში აღიარებული ლიდერი. მისი 96 ამოცანა და ეტიუდი დაიბეჭდა „ფიდეს ალბომში“. საქართველოსა და საერთაშ. კონკურსებში მიღებული აქვს 250 პრიზი (აქედან 90 – პირველი).

ლიტ.: Г у р г е н и д з е  Д., Н е и д з е  В., И в у н и н  А., Сказочный мир Иосифа Крихели, Тб., 1996; G u r g e n i d z e D. б Endgames of Iosif Krikheli, Tb., 1995.

დ. გურგენიძე