კრომლეხი (ბრეტონულად crom – წრე და lech – ქვა), ახალი ქვის ხანისა და, ძირითადად, ბრინჯაოს ხანის მეგალითურ ნაგებობათა ერთ-ერთი სახეობა. კ. არის ცალ-ცალკე, სიმაღლეზე დალაგებულ დიდ (ზოგჯერ 6–7 მ სიმაღლის) ლოდთა ერთი ან რამდენიმე კონცენტრული წრე, რ-ის შუაგულში დოლმენი (იხ. აფხაზეთის დოლმენები) ან მენჰირია ჩადგმული.
კ-იანი სამარხები აღმოჩენილია ინგლისში (სტოუნჰენჯი, ეივბერი), ირანში (ლურისტანი), საფრანგეთში (კარნაკი), სომხეთში, დაღესტანში და სხვ.
კ-ის შიდა სივრცეში განლაგებულია სხვადასხვა ტიპის სამარხი: ორმოსამარხები, ქვის სამარხები, გორასამარხები. დას. საქართველოში იშვიათად გვხვდება ნამოსახლარზე გამართული ქვაყრილიანი ყორღანი, რ-ის ქვეშ მოქცეულ ინდივიდუალურ სამარხებს ირგვლივ ქვის წრე შემოუყვება (გუმისთა I).
საქართველოში კ-იანი სამარხები განსაკუთრებით მრავლადაა თრიალეთში საფარ-ხარაბას სამაროვანზე (თავდაპირველად ბ. კუფტინმა ადგილ ბაიბურთში შეისწავლა რამდენიმე კ-იანი სამარხი, რ-ებიც შუა- და გვიანბრინჯაოს ხანის პერიოდებს შორის მოაქცია, 115 ორმოსამარხი შეისწავლა გ. ნარიმანიშვილმა). კ-იანი სამარხები ასევე გვხვდება ქვემო ქართლში (წოფი, მადნისჭალა), შიდა ქართლში (თრელი, სამთავრო, საგურამო, მეტეხი, სტირფაზი, წაღვლი–ერთი სამარხი), აფხაზეთში (ქვემო ეშერა, გუმისთა, ოთხარა, ხუაპი) და სხვ.
საქართველოში ერთი ან რამდენიმე რიგისაგან შემდგარი წრიულ-ქვაყრილიანი სამარხები გვხვდება ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულიდან ძვ. წ. IX ს. ჩათვლით. ამ ტიპის სამარხები შედარებით ხშირია შუა-და გვიანბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XV–XII სს.). სამარხების ირგვლივ შემოვლებული ქვის წრეების დიამეტრი 3–18 მ შორის მერყეობს. წრეები შედგენილია ზოგჯერ საგანგებოდ შერჩეული დიდი ზომის ბაზალტის, ფლეთილი კლდისა და რიყის ქვებისაგან. კ-ების შიგა სივრცე ხშირად შევსებულია სხვადასხვა ზომის რიყის ქვებით, რ-ებიც უშუალოდ სამარხებზეა განლაგებული. კ-ის ცენტრში, ჩვეულებრივ, ერთი სამარხია გამართული. დასაკრძალავი კამერები ქვის ფილებით ან ძელებითაა გადახურული. კ-იანი სამარხები ინჰუმაციურია, ხშირად – ინდივიდუალური, ზოგჯერ წარმოდგენილია წყვილადი დაკრძალვა. არის შემთხვევები, როდესაც მიცვალებული ხის სარეცელზე განისვენებს, იშვიათად კი – ურემზე (საფარ-ხარაბა). ისინი დაკრძალული არიან ხელ-ფეხმოკეცილნი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. იშვიათადაა წარმოდგენილი კოლექტიური დაკრძალვა და კრემაცია. ზოგიერთ სამარხში გვხვდება წითელი ან ყვითელი ოქროს ფრაგმენტები. ამ ტიპის სამარხების ერთ ნაწილში წარჩინებული მეომრებია დაკრძალული, ნაწილი – გაძარცვულია. ზოგჯერ კ-ში გამართულია ორი დასაკრძალავი კამერა. სამარხებში ხშირად დასტურდება მიცვალებულისთვის ჩატანებული წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ძვლები. ზოგიერთ სამაროვანზე სარიტუალო (სააღაპო) მცირე ზომის ორმოები განლაგებულია კ-ის გარეთ, სადაც განსხვავებული ფორმის ჭურჭელში საგზალია მოთავსებული (საფარ-ხარაბა). დასტურდება მიცვალებული-სთვის შეწირული მთლიანი ცხვრის ან თხის ჩონჩხი. დას. საქართველოში გამოვლენილ კ-იან სამარხებში ხდებოდა კოლექტიური დაკრძალვა.
კ-იან სამარხებში აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის მრავალრიცხოვანი თიხის ჭურჭელი, გვხვდება ბრინჯაოს საბრძოლო იარაღი, მ. შ. წინააზიური ტიპის სატევრის პირები, ბრტყელი და ყუამილიანი ცულები, ბრინჯაოს სამკაული, მ. შ. მოოქრული სასაფეთქლე რგოლი, ბრინჯაოს საკინძი, სარდიონის, გიშრისა და პასტის, აგრეთვე ოქროს მძივები (თრელი), ოქროს გარსაკრავი (სამთავროს 243 გორასამარხი), რიყის ქვის ცული, გახვრეტილი ქვის საკინძი და სხვა სახის არტეფაქტები. იშვიათად დასტურდება სახელისუფლო ემბლემა – ინსიგნიები – ბრინჯაოს კვერთხისებრი ნივთი, ხური-მითანური საბეჭდავების მსგავსი თიხის ცილინდრული ფორმის საბეჭდავები (საფარ-ხარაბა). გვხვდება ქალის თიხის ანთროპომორფული უთავო ქანდაკება.
ლიტ.: თბილისი. არქეოლოგიური ძეგლები, [ტ.] 1, თბ., 1978; თუშიშვილი ნ., მადნისჭალის სამაროვანი (გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპი ქვემო ქართლში), თბ., 1972; ნარიმანიშვილი გ., საფარ-ხარაბას სამაროვანი, „ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში“, 2006, №17–18; ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემა (XV–VI სს.), თბ., 1973; ფხაკაძე გ., ენეოლითისა და ადრე ბრინჯაოს ხანა დასავლეთ საქართველოში, წგ.: საქართველოს არქეოლოგია, ტ. 2, თბ., 1992; ჩუბინიშვილი ტ., მცხეთის უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1947; Мнацаканян А. О., Раскопки Курганов на побережье озеро Севан в 1956 г., "Советская археология", 1957, №2; Монгаит А. Л., Археология Западной Европы, М., 1973; Техов Б. В., Стырфазские Кромлехи, Цхинвали, 1974; Ш а м б а Г. К., Эшерские кромлехи, Сух., 1974; Ц в и н а р и я И. И., Новые памятники Дольменной культуры Абхазии, Тб., 1990.
ლ. ჯიბლაძე