კრუშინსკი იან თადეუშ

კრუშინსკი იან თადეუშ (1675, პოლონეთი, – 1756, სოფ. ძბზეჟიუ, უკრაინა), პოლონელი მოგზაური, მისიონერი და მემატიანე. იეზუიტი მღვდელი. 1707–25/28 მოღვაწეობდა სპარსეთში, სადაც იყო ისპაანის კათოლიკეთა ეპისკოპოსის პროკურატორი. ავტორია სეფიანთა სპარსეთის შესახებ დაწერილი ხუთი ვრცელი ნაშრომისა, რ-ებშიც საყურადღებო ცნობებია დაცული XVII–XVIII სს. საქართველოსა და ქართველების შესახებაც. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია 1740 ლვოვში გამოცემული „ტრაგიკული რევოლუცია სპარსეთის ისტორიაში“ („Tragica vertentis belli Persici historia“). კ. ქართველების შესახებ წერს: „დასავლეთის იბერებისგან (ესპანელები) განსასხვავებლად ქართველებს აღმოსავლეთის იბერებს უწოდებენ, როგორც ამას აღიარებს ავტორთა უმეტესობა“ კ. აღწერს ქართველთა ჩვევებს. მისი დაკვირვებით, ქართველები ქრისტიანობის მედგარი მიმდევრები იყვნენ, გამოირჩეოდნენ ნიჭით სამხედრო სფეროში. -ს ცნობით, სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ დაღესტნელთა სამაგალითოდ დასჯა შაჰინშაჰმა, ჰუსეინ I-მა, დაავალა ვახტანგ VI-ს, რ-იც 1720 წ. 40-ათასკაციანი ჯარით სალაშქროდ გაეშურა, თუმცა შემდეგ ეს ლაშქრობა შეაწყვეტინა რუსეთ-საქართველოს უშუალო დამეზობლებისა და სპარსეთისთვის მოსალოდნელი ხიფათის გამო. 1722 მარტში, ავღანელებთან ბრძოლაში შაჰინშაჰის პირადი გვარდიის სარდლის როსტომის (ვახტანგის ძმა) დაღუპვის შემდეგ, შაჰინშაჰ სოლთან ჰუსეინ I-მა ეს თანამდებობა უბოძა ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, უფლისწულ ბაქარ ვახტანგის ძეს. ბაქარმა 4000 მეომარი შეკრიბა და სპარსეთში წასასვლელად გაემზადა, მაგრამ მშობლებმა გადააფიქრებინეს. ყოველივე ამის გამო კ. თვლიდა, რომ სპარსეთში მომხდარ უბედურებათა მიზეზად იქცნენ სწორედ შაჰინშაჰზე გამწყრალი ქართველები, კერძოდ, მეფე ვახტანგი, რ-მაც რუსეთის იმპერატორთან სამხ.-პოლიტ. კავშირი შეკრა და ბაქარის დახმარებით სასტიკად დასაჯა სპარსეთზე ორიენტირებული ფეოდალები. კ-ის თხზულებაში დაცული ზოგიერთი ცნობა საქართველოს შესახებ სრულიად უნიკალურია, ვინაიდან ანალოგიური ინფორმაცია სხვა საისტორიო წყაროებში არ შემორჩა.

თხზ.: Tragica vertentis belli Persici historia per repetitas clades ab anno 1711 ad annum 1728 vum continuata, post Gallicos, Hollandicos, Germanicos ac demum Turcicos authoris typos auctior [...] Accessit ad eandem Historiam Prodromus iteratis typis subjectus, wyd. Lwow, 1740.

ლიტ.: ზ ე დ გ ი ნ ი ძ ე  გ., რა იცოდნენ ევროპელებმა XVI–XVIII საუკუნეებში საქართველოს შესახებ, ქართული დიპლომატია, წელიწდეული, ტ. 3, თბ., 1996; ჯავახიშვილი ნ., ვახტანგ VI-ის მოღვაწეობის ასახვა საზოგადოებრივ აზროვნებაში (ზოგიერთი ასპექტი), „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, 2015 № 16.

ნ. ჯავახიშვილი