კრწანისი, უბანი თბილისში მტკვრის მარჯვენა მხარეს, ახლანდ. კრწანისის ქუჩის მიდამოებში (ისანი-სამგორის რ-ნი). ფეოდალურ ხანაში თბილისის სანახებში სამხრ-ით მდებარე სოფელი იყო.
კ-ში 1935 აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი (იხ. კრწანისის განძი). კ. XIII ს. II ნახ-ში თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიას შეწირული სოფელი იყო. თბილისის მახლობლად პირველად მოიხსენიება 1392 მცხეთის საკათოლიკოსოს სითარხნის გუჯარში, 1429 კი ალექსანდრე I დიდის მიერ გაცემული სიგელით ხელმეორედ შესწირეს სვეტიცხოვლის ტაძარს. კ. საკათალიკოსო სოფელი იყო და სოფლის მოურავის სახელით XVI–XIX სს-ში კათოლიკოსის აზნაურიშვილებს, თაზიშვილების გვარის წარმომადგენლებს ეპყრათ. სოფელში მოურავის გარდა იყო ხასადარი, მამასახლისი, მეკულუხე, მებეგრე, ზედამხედველი და სხვ. ამ სახელოების ბოძება და ჩამორთმევა კათოლიკოსის უშუალო კომპეტენციაში შედიოდა. XVIII ს-ში კ-ს სამხრ-ით ესაზღვრებოდა სოფ. ხატისთელეთი და სოღანლუღი, ჩრდ-ით – სეიდაბადი, აღმ-ით – მტკვარი, დას-ით – შინდისი. კ-ს ეკუთვნოდა მდ. მტკვრის საწყლისპირო ჭალა, ე. წ. ორთაჭალა. კ. ორთაჭალასთან ერთად იყო ერთ-ერთი დაწინაურებული სას.-სამ. უბანი, რ-იც ქალაქის ბაზარს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტით ამარაგებდა. სოფლის მეურნეობის დაწინაურებას აქ ხელს უწყობდა სარწყავი სისტემა – სარწყავი არხი, რუ, რუსხმულები, მდინარეზე მოწყობილი წყლის საქაჩი არხები. „დასტურლამალში“ საგანგებოდ იყო გაწერილი „ქალაქის მწვანილის საკითხი“, ანუ ბაღჩა-ბაღების მეპატრონეთა გადასახადი, სადაც მითითებული იყო რა რაოდენობის ბოსტნეული და ხილი უნდა ჩაებარებინათ ყოველდღიურად სამეფო საწყობში. სოფ. კ-ში მიწებს ფლობდნენ ბატონიშვილები, თბილისის მოქალაქეები.
შუა საუკუნეებში სოფელში ღვთისმშობლის ეკლესია იდგა (არ შემორჩენილა).
კ-ის ველზე გაიმართა ბრძოლა ირანისა და ქართლ-კახეთის ლაშქარს შორის (იხ. კრწანისის ბრძოლა 1795).
წყარო: ჟორდანია თ., ქრონიკები, ტ. 2, თბ., 1897; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ., ტ. 2, თბ., 1959; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის რედ., ტ. 3, თბ., 1970.
ლიტ.: ბერიძე თ., და აღმოცენდა თბილისი, თბ., 1977; თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990.
თ. ბერიძე