კრწანისის განძი

კრწანისის განძი, სპილენძის ქართული მონეტების დიდი განძი. ნაპოვნია 1935 კრწანისში გზის გაყვანისას. იგი შეიცავს მეფე რუსუდანის სახელით მოჭრილ მონეტებს (1312 ც.). ავერსზე ორნამენტირებულ ჩარჩოში მთავრული ასოებით დაქარაგმებულია მისი სახელი – რსნ, ჩარჩოს გარეთა ბუდეებში მოთავსებულია თარიღი (ქორონიკონი 447=1227), რევერსზე – ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: „დედოფალი მეფეთა და დედოფალთა, დიდება ქვეყნისა, სამეფოსა და სარწმუნოებისა, რუსუდანი, ასული თამარისა, მესიის თაყვანისმცემელი, განადიდებს ღმერთი გამარჯვებებს მისას“. განძში ასევე არის ბიზანტიური (XI–XII სს.) და ილდეღიზიდური (XII–XIII სს.) მონეტები (7ც.).

განძი ჩამარხული უნდა იყოს XIII ს. 30-იანი წლების შემდეგ. მისი დიდი ნაწილი (1319 ც.) დაცულია საქართველოს ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში.

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009.