კრწანისისხევი, ტაბახმელის ხევი, დუქნის ხევი, პერიოდული მდინარე თბილისის სამხრ. ნაწილში. სათავეს იღებს თელეთის ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 1025 მ სიმაღლეზე. ორთაჭალის მიდამოებში ერთვის მტკვარს მარჯვნიდან. სიგრძე – 8,5 კმ. ჩაჭრილია შუაეოცენურ ვულკანოგენურ ქანებში და კრწანისის ვაკემდე კანიონისებრი ხეობა აქვს. წყლიანია ძლიერი წვიმების დროს (გაზაფხულზე და ივლ. დასაწყისში). კ. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.