დუდუნა

დუდუნა, სოფელი ისტორიულ არტაანში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ქ. არტაანის ჩრდ.-აღმ-ით, დაახლ. 18 კმ-ზე.

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" (1595) მიხედვით, ამ სოფელში სახლობდა 69 კომლი, ძირითადად ქართველები: ელიაზარ იმარინდოსძე, გიორგი ცისკარასძე, იოსებ გიორგისძე, შავთვალასძე, ფერა მახარებლისძე, გოგიჩა მჭედლიშვილი, მახარებელ ზაქარასძე, გოგინა იოსებისძე, დავით სალმანისძე, ელია წამალასძე, მახარა სულასძე, ხახუტა სორაზანისძე, მანველ გოგიჩასძე, იასონ იორდანისძე, მაცაცა გრიგოლისძე და სხვ.

5–6 არაქართული სახელიც გვხვდება: შაჰყული, გრიქორ მინასისძე, ტერაკოფ, ხაჩიკ ქორჩიკასძე და სხვ. ყველა ქრისტიანი იყო, რისთვისაც იხდიდნენ სპეც. გადასახადს 1725 ახჩის ოდენობით. სოფელში მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი; ჰქონდათ ბოსტანი; ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი; ჰქონიათ 3 თვალი წისქვილი. ყველაფერ ამისათვის სოფელი იხდიდა სულ 22600 ახჩას. დ-ში ყოფილან თიმარის მფლობელი მაჰმადიანებიც – რამაზანი, დაუდი და ბუნიანდი, რ-თა მიწაზე 5 კომლი ქართვ. ქრისტიანი ცხოვრობდა.

მათი გამოსაღები 1000 ახჩას შეადგენდა. სოფელთან ყოფილა სათესი „მრგვალი ტყე". „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთრის" მიხედვით, 1718–19 წლებში სოფ. დ. შედიოდა დიდი არტაანის ლივის ტყე-ნაჰიეში, ექვემდებარებოდა იაჰია აჰმედის ძეს და იხდიდა გამოსაღებს – 7500 ახჩას. 1878 იქ მხოლოდ 8 კომლი ცხოვრობდა, 1882 კი – 4.

სოფელი ამჟამად თურქეთის შემადგენლობაშია.

წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2, თბ., 1941, წგ. 3, თბ., 1958; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.

დ. ბერძენიშვილი