კუკია

კუკია, თბილისის ძველი მიკროუბანი, ახლანდ. ა. ჩიქობავას ქუჩის ზედა, აღმ. მხარე. გვიანდ. შუა საუკუნეებში ქალაქისპირა სოფელი იყო, მდებარეობდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ეკავა მდინარის აღმა, ჩრდ-ით მდებარე ტერიტ. ვიწრო ზოლი. სამხრ-იდან მას ესაზღვრებოდა სოფ. ჩუღურეთი (საზღვარი გადიოდა დიდხევზე), ჩრდ-ით – ხელოვნური თხრილი (დაახლ. ახლანდ. მ. წინამძღვრიშვილის – ყოფ. ელისაბედის, შემდეგ კი კლარა ცეტკინის ქუჩა) და დას-ით – მტკვარი. სოფ. კ-ის ადრინდ. (XVII–XVIII სს.) სახელი – ახალსოფელი (მიანიშნებს ახალ დასახლებაზე), პირველად გვხვდება ვახუშტისეულ თბილისის 1735 გეგმაზე (№64), რ-ის მიხედვით დასახლება მეჩხერია. სოფელი ამ ადგილზე კ-ის სახელით პირველად გვხვდება ი. გიულდენშტედტის 1772 რუკაზე. სოფ. კ-ის ადგილას დასმული გეომ. ნიშანი აღნიშნავს ციხესიმაგრეს. ამ დროს კ. გაპარტახებული ყოფილა და მისი დასახლება უფრო მოგვიანებით მომხდარა. რაც შეეხება „კუკიას“, დღევანდელი ქართ. ლექსიკა მისი ახსნის საშუალებას არ იძლევა. ყოფით ეთნოგრ. მასალაში შემორჩენილია სიტყვა „კუკი“ „გონჯის“ მნიშვნელობით. თეიმურაზ ბატონიშვილი კი გვთავაზობს ახსნას, – „კუკია“ – დაკუკებული, ანუ წამომჯდარი.

ტოპონიმი „კუკია“ პირველად იხსენიება „დასტურლამალში“, რ-ის მიხედვით სახელწოდება დაამკვიდრა XVII ს. 40–50-იან წლებში თრიალეთის სოფ. კუკიიდან (საბარათიანო) მასობრივად გახიზნულმა და ქალაქის განაპირას გადმოსახლებულმა ყმა-გლეხობამ. 1781 აღწერით კ-ის მოსახლეობას უკვე სალაშქრო ვალდებულება ჰქონდა შეწერილი.

XVIII ს. 70–80-იან წლებში კ. სადედოფლო სოფელი – მამულია. 1801 დარეჯან დედოფალი რუსი ხელისუფლებისადმი წარდგენილ მოხსენებაში, სხვა ამბებთან ერთად, სოფ. -ზეც საუბრობს: „წინწყარო სოფელი ხარაბა, ამისი გლეხნი აქა-იქ დაფანტულნი მომიკრეფია და კუკიას დამისახლებია, რომ არის ჩემგან დასახლებული კაცი დღეს კუკიაში კომლი (30)“... 1823 კამერალური აღწერით იქ სახლობდნენ საეკლ. ყმა-გლეხები და 145 სახაზინო კომლი.

1824 . ჩუღურეთთან ერთად მიაკუთვნეს თბილისს. XIX ს. 40–50 წლებში ჩუღურეთიდან და ავლაბრიდან იწყება მასობრივი გადასვლა კ-ში დასასახლებლად, რის გამოც მისი ტერიტორია იმდენად გაიზარდა, რომ 1850 ავჭალის დიდი გზის (ახლანდ. ა. ჩიქობავას ქუჩა) გადაღმა, აღმ-ით და ჩრდ.-აღმ-ით გაჩნდა „ახალი კუკიის“ დასახლება (მოგვიანებით –„მალაკნების უბანი“, გერმანელთა დასახლება-კოლონია). XIX ს. 80–90-იან წლებში „ახალი კუკია“ რკინიგზის გადაღმა ტერიტორიას (ძვ. ნაძალადევი, ახლანდ. ო. ქინქლაძისა, გ. ჩიტაიას ქუჩები და კუკიის სასაფლაო) იკავებს. კ. ძირითადად ხელოსანთა უბანი იყო, რ-იც ქალაქს ამარაგებდა იქ არსებულ კერამ. სახელოსნოებსა და ქ-ნებში დამზადებული თიხის ჭურჭლით და სამშ. მასალით (აგური, კრამიტი).

ლიტ.: ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977., თბილისის ისტორია, ტ. I, თბ., 1990.

თ. ბერიძე