კუკ-კოლისი ჯეიმს ნორმანი (7. V. 1876, კორკის საგრაფო, ირლანდია, – 14. IV. 1941, იქვე), ინგლისელი სამხედრო მოღვაწე, გენერალი. ბათუმის გენ.-გუბერნატორი (1919–20). მუდროსის ზავის თანახმად 1918 დეკ-იდან საქართველოში ჩამოვიდა ინგლისელთა 5 გემი 15–20-ათასკაციანი ჯარით, რ-იც განლაგდა ძირითადად ბათუმსა და თბილისში. კ.- კ-ის გადაწყვეტილებით ბათუმის მმართველობა ხელში აიღო კადეტმა მასლოვმა და ოლქის მმართველობაში რუსი მოხელეები დანიშნა. კ.-კ-მა ბათუმის ოლქში ინგლისელთა მმართველობა დაამყარა. 21 იანვრიდან ბათუმში დაწესდა ინგლისის ფლოტზე მიღებული დრო, გამკაცრდა ფინანსური და ეკონ. სანქციები, აიკრძალა მანიფესტაციები. 1919 სექტ-იდან ბათუმსა და მთლიანად ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქართ. პრესა საკმაოდ უარყოფითად აფასებდა კ.-კ-ის საქმიანობას. 1920 დასაწყისიდან საქართვ. მთავრობამ დაიწყო ბათუმის ოლქის შემოერთებისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რასაც კ.-კ-ის მხრიდან საპასუხო ქმედება მოჰყვა. იგი ოლქის ფარგლებში მყოფი საქართვ. ჯარის ყველა ნაწილის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადო ზომების მიღებით იმუქრებოდა. ინგლისის მთავრობის მიერ ბათუმის ოლქიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კ.-კ-ის ბრძანებით, მოსახლეობაში დაიგზავნა სპეც. მოხელეები, რათა ხელისუფლების შეცვლის პროცესი მშვიდობიანად წარმართულიყო.
დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენით, იყო ბრიტანეთის წმ. მიქაელის და წმ. გიორგის რაინდული ორდენის კავალერი.
ჯ. სამუშია