კუკულაძე კარლო ნოეს ძე

კუკულაძე კარლო ნოეს ძე (25. VII. 1911, სოფ. კავთისხევი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 16. I. 1980, თბილისი), თეატრის მხატვარი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1950). 1922–25 სწავლობდა მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაში. 1931 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (ფერწერა – ე. ლანსერეს კლასი; თეატრ.-დეკორ. ხელოვნება – დ. კაკაბაძის კლასი). 1931–34 იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი, 1946 – დამდგმელი მხატვარი, 1947–77 – მთ. მხატვარი. 1934–41 მოღვაწეობდა მოსკ. დიდ თეატრში. საქართველოსა და რუსეთში გააფორმა სპექტაკლები: ა. კერესელიძის „ბაში–აჩუკი“ (1946), დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1947), ა. ბალანჩივაძის „მზია“ (1949), ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“ (1951), პ. ჩაიკოვსკის „გედის ტბა“ (1954), რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“ (1959), ი. გეჯაძის „განთიადი“ (1961), შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961), ჟ. ბიზეს „კარმენი“ (1968) და სხვ. 2016 საქართვ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრ. სახელმწ. მუზეუმში მოეწყო კ-ის პერსონალური გამოფენა, რ-იც მხატვრის დაბადებიდან 105-ე წლისთავს მიეძღვნა.

ლიტ.: კუკულაძე კ., პერსონალური გამოფენის კატალოგი, თბ., 2016; Театральная энциклопедия, т 3, М., 1963.

თ. გერსამია