კულაკობა

კულაკობა საქართველოში (რუს. кулак – მუშტი), სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელი რუსული ტერმინი. დაკავშირებულია საგლეხო რეფორმების შემდეგ რუსულ სოფელში მიმდინარე სოციალურ დიფერენციაციასთან, ე. წ. „ბობოლების“ ფენის გაჩენასთან.

XIX ს. დასასრულს კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი სოც.-ეკონ. პროცესები ვითარდებოდა საქართველოს სოფლებშიც. სანადელო და საიჯარო მიწებზე მოწყობილი გლეხური მეურნეობა ექცეოდა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის ორბიტაში, რაც აჩქარებდა მიწის გამოსყიდვისა და ყიდვა-გაყიდვის პროცესს. წინა კაპიტალ.-აგრარულ ურთიერთობათა ფორმებს თანდათან ეცლებოდა ნიადაგი, წვრილი გლეხური მეურნეობა შესაბამისობაში მოდიოდა წვრილ გლეხურ საკუთრებასთან, ხდებოდა გლეხობის კლასობრივი დიფერენციაცია.

რუს. სოციალ-დემოკრატები თავიდან არ იზიარებდნენ „კულაკის“ მიმართ გამოთქმულ მემარცხენე რადიკალურ შეხედულებებს. ორთოდოქსული მარქსიზმის მიხედვით, სოფლის ბურჟუაზიას უნდა შეესრულებინა სოფელში ფეოდალიზმის მესაფლავის როლი, რასაც ის წარმატებით ახორციელებდა რუს. იმპერიაში.

რუსეთში ოქტომბრის რევ. შემდეგ გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა და „სამხედრო კომუნიზმმა“ ეკონომიკურად გააჩანაგა სოფელი. საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა ახალი ეკონ. პოლიტიკის („ნეპი“) გზას დადგომოდა. „ნეპის“ პოლიტიკა გარკვეულ ჩარჩოებში საბაზრო ურთიერთობების ელემენტების დაშვებასაც გულისხმობდა. სოფლის ბურჟუაზიას ერთგვარი თავისუფლება მიენიჭა. საბჭოთა პარტიული დოკუმენტებიდან გაქრა ტერმინი „კულაკი“, თუმცა 1928-იდან დაიწყო ძალით „განკულაკება“ და მათთვის ნამეტი ხორბლის ჩამორთმევა. პარალელურად მიმდინარეობდა კოლექტივიზაციის პროცესი, რასაც უდიდესი ფინანს. სახსრები სჭირდებოდა. გადაწყდა „კულაკების, როგორც კლასის, ლიკვიდაცია“ და მათი ფინანს. და მატერ. რესურსის აქტიური გამოყენება საკოლმეურნეო მშენებლობის პროცესში. კულაკების ყოფილ საცხოვრებელ ბინებში ხსნიდნენ კოლმეურნეობების გამგეობებს, მათი წისქვილები და ბეღლები კოლმეურნეობების საკუთრებაში გადადიოდა, ხოლო მიწებს „საკარმიდამო მამულებად“ ურიგებდნენ კოლმეურნე გლეხებს.

„ნეპის“ პირობებში ქართ. სოფლის ბურჟუაზიამ მნიშვნელოვან ეკონ. წარმატებას მიაღწია. მეცნიერთა გათვლებით, „ბურჟუაზიული ზედაფენის“ ხვ. წილი სოფლის მოსახლეობაში ამ დროისთვის 1,4 %-იდან 2,4 %-მდე მერყეობდა. მისი ყოველწლიური საერთო შემოსავალი 20 მლნ მანეთს შეადგენდა. ვარაუდობენ, რომ საქართველოში დაახლ. 20 ათ. „კულაკური“ მეურნეობა იყო (80–100 ათ. კაცი). საბჭოთა ხელისუფლება „კულაკად“ თვლიდა მეწარმეს და მიწათმოქმედს, რ-საც ჰყავდა რამდენიმე დაქირავებული პირი (როგორც წლიურად, ისე გარკვეული პერიოდით).

იმხანად გავრცელებული იყო კულაკებთან დამოკიდებულების ორი მიდგომა: ერთი – დრაკონული, „მემარცხენე ტროცკისტულ-ზინოვიევური“, რ-იც გამოიხატებოდა ქონების ჩამორთმევით, „ბოიკოტებით“, სახლების წართმევით, სოფელში ცხოვრების აკრძალვითა და სხვა უმკაცრესი ღონისძიებებით; მეორე – „ბედოვლათური“, გულისხმობდა კულაკების მიმართ ლოიალობას, კომპრომისს და თანამშრომლობას. ამ მიდგომის ქართვ. მიმდევრები უფრო ზომიერი პოლიტიკის გატარებას მოითხოვდნენ, რასაც გარკვეულ პერიოდამდე თვით ცენტრ. ხელისუფლებაც იზიარებდა.

1929 დამლევიდან საბჭ. ხელისუფლება -ის შეზღუდვის პოლიტიკიდან მისი, როგორც სოც. ფენის ლიკვიდაციის პოლიტიკაზე გადავიდა. მოიხსნა განკულაკების აკრძალვა, გაუქმდა კანონები იჯარისა და შრომის დაქირავების შესახებ. კულაკები ენერგიულად იცავდნენ თავს როგორც მშვიდობიანი, ისე აგრესიული მეთოდებითაც.

კოლექტივიზაციის ტემპების მიხედვით სსრკ-ის ტერიტორია სამ ჯგუფად დაიყო. საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია მოხვდა მესამე ჯგუფში, სადაც კოლექტივიზაციის დასრულება ყველაზე გვიან – 1933-თვის იყო ნავარაუდები. საქართვ. იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ვადაზე ადრე – 1932-სთვის დაემთავრებინა ეს პროცესი, რაც განკულაკების დაჩქარებასაც გულისხმობდა. კოლმეურნეობების შექმნისას გლეხობას აშინებდნენ „შავ სიებში“ შეტანით, საარჩევნო უფლების ჩამორთმევით, დაპატიმრებით, გადასახლების მუქარით და სხვ.

კოლექტივიზაციაში დაშვებული უხეში შეცდომების გამო ეს პროცესი საქართველოში XX ს. მთელი 30-იანი წლების განმავლობაში გაიწელა. ანტიკულაკურმა ისტერიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა სოფელს, გაანადგურა მისი განსაკუთრებით აქტიური, მწარმოებელი ნაწილი, თუმცა საბჭ. ხელისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში სოფლად შეუქმნა ძლიერი დასაყრდენი – კოლექტიური მეურნეობა, რ-იც ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე მას სახელმწიფოსათვის მისაღებ ფასად მუდამ აწვდიდა აუცილებელ სას.-სამ. პროდუქციას.

ლიტ.: ბ ე ნ დ ი ა ნ ი შ ვ ი ლ ი  ა., აგრარული ურთიერთობანი საქართველოში 1890–1917 წლებში, თბ., 1965; დ ა უ შ ვ ი ლ ი  ა., „კულაკები“ საქართველოში, თბ., 2016; კ ა ჭ ა რ ა ვ ა  ი., საბჭოთა საქართველო აღდგენით პერიოდში (1921–1925), თბ., 1958; კ ო ჭ ლ ა მ ა ზ ა შ ვ ი ლ ი  რ., საქართველოს გლეხთა საზოგადოებრივ-ეკონომიკური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1980; ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე  ი., თხზ. ტ. 4, თბ., 1987; К и к в и д з е  А., Колхозное строительство в Грузии, Тб., 1961.

ა. დაუშვილი

უ. ბლუაშვილი