კულაში

კულაში, დაბა (1961-იდან) იმერეთის რეგიონის სამტრედიის  მუნიციპალიტეტში, იმერეთის დაბლობზე, სამტრედია – ხონის საავტ. გზაზე. ზ. დ. 30 მ, სამტრედიიდან 5 კმ. 1,7 ათ. მცხ. (2014).

წერილობით წყაროებში დამოწმებულია XVI ს. I მეოთხედიდან. ძვ. ფეოდ. ხანაში კ. თავად მიქელაძეთა მთავარ რეზიდენციას წარმოადგენდა. აქ დღემდე მოაღწია XV ს. ერთნავიანმა დარბაზული ტიპის ეკლესიამ, რ-იც ფრესკებითაა შემკობილი. ეკლესია მიქელაძეების საძვალე იყო. გადმოცემით კ-ში იდგა მიქელაძეთა ციხე-დარბაზი და 1791 აგებული ხის ეკლესია.

კ-ის მოსახლეობის უმეტესობა ებრაელი იყო. დაბაში ამჟამად შემორჩენილია XVIII ს. სინაგოგა. ი. გიულდენშტედტს კ. მოხსენიებული აქვს როგორც იმერეთის სამეფოს სავაჭრო პუნქტი, სადაც საპარასკევო და საკვირაო ბაზრობები იმართებოდა, მეფის მოხელის – მოურავის მეთვალყურეობით. XIX ს. შუა ხანებისათვის კ-ის, როგორც სავაჭრო დაბის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. კულაშელ ვაჭრებს კავშირი ჰქონდათ ფოთთან, სოხუმთან, საიდანაც შემოჰქონდათ რუსული და თურქული საქონელი: სხვადასხვა ქსოვილები, ტყავი, რკინა, მარილი, მინის ნაწარმი. კ-ის წლიური სავაჭრო ბრუნვა 130 ათ. მან. აღწევდა. მოსახლეობის რაოდენობა 3800 შეადგენდა. ამ პერიოდის კ. დას. საქართველოს ისეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო დაბების გვერდით მოიხსენიება, როგორიცაა ხონი, სენაკი, ჩხარი, ონი, საჩხერე.

ლიტ.: ი ო ბ ა შ ვ ი ლ ი  გ., დასავლეთ საქართველოს ქალაქები XIX საუკუნის რეფორმამდელ პერიოდში, თბ., 1983.

თ. ბერაძე