კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია

კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია. XVIII ს.

კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს ერედვის მუნიციპალიტეტში, სოფ. კულბითის განაპირას. აგებულია XVIII ს-ში. ეკლესია გამოირჩევა ორიგინალური არქიტექტურით. მაღალგუმბათიანი ერთნავიანი ეკლესია „კუპელჰალეს“ თავისებური ვარიაციაა. იგი ამავე ტიპის სხვა ეკლესიებთან შედარებით უფრო მეტად უახლოვდება ტიპის „ნორმალურ“ სახეობას, რადგან გრძივი კედლებიდან გამოსული გუმბათის საყრდენი შვერილები არა ერთი, არამედ ორი წყვილია, რ-ებიც შიდა სივრცეს სამ ნაწილად ყოფს. ეკლესია კარგად გათლილი ღვინისფერი ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. შენობის ფასადები შემკულია რელიეფური გამოსახულებებით. გუმბათის ყელი დეკორატიული თაღედითაა გაფორმებული. შესასვლელი ორია და შემოფარგლულია მაღალი თაღებით.

ლიტ.: ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 1, თბ., 2014; М е п и с а ш в и л и  Р., Ц и н ц а д з е  В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб.. 1975.

თ. გერსამია