კულმუხო (Inula helenium), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 1–2 მ აღწევს. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები და კალათა ყვავილედში თავმოყრილი ყვითელი ყვავილები. გავრცელებულია ევრაზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება ნესტიან ადგილებში, მდინარის ნაპირებზე, ბუჩქნარებში დაბლობიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე. მისი ფესურა და ფესვები ინულინს და ეთეროვან ზეთს შეიცავს. კ-ს პრეპარატები გამოიყენება ამოსახველებელ საშუალებად.