კულტურის ფილოსოფია, ფილოსოფიის დარგი, რომელიც შეისწავლის კულტურის არსს ადამიანისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი წარმოშობის წინაპირობებს, გამოვლენის ფორმებსა და თავისებურებებს. ტერმინი „კულტურის ფილოსოფია“ (Kulturphilosophie) შემოიტანა გერმ. რომანტიკოსმა ადამ ფონ მიულერმა XIX ს. დასაწყისში. კ. ფ-ის სისტემური განვითარების შემდგომი ნაბიჯები უკავშირდება ლ. შტაინსა და რ. ოიკენს.
ნეოკანტიანელთა ბადენის სკოლის წარმომადგენლები (ვ. ვინდელბანდი და ჰ. რიკერტი) კ. ფ-ს აიგივებდნენ საერთოდ ფილოსოფიას-თან. სწორედ ამ სკოლას უკავშირდება მისი დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბება. კ. ფ., როგორც სიცოცხლის ფილოს. და ნეოკანტიანელობის ნაზავი, მეცნ. ფილოს. იმ გაგებას დაუპირისპირდა, რაც მარბურგელ ნეოკანტიანელებთან და ლოგიკური ემპირიზმის ვენის წრეში იყო გავრცელებული. კ. ფ-ის ადრეულ წარმომადგენლებად XX ს. კულტურის ისტორიკოსები – ლ. ფრობენიუსი და ო. შპენგლერი მიიჩნევიან.
ფართო მოსაზრებით, კ. ფ. გაიგივებულია ფილოს. ისტორიასთან. ადამიანური კულტურისა და ღირებულებების თეორ. პრობლემები იმავდროულად კაცობრიობის თანამედროვე ყოფიერების საარსებო რეალური პრობლემებია და ფილოს. ყველაზე აქტუალურ პრობლემათა რიგს განეკუთვნება, რადგან „ფილოსოფია ეპოქის, ადამიანური ყოფიერებისა და მისი კულტ. თვითცნობიერებაა“ (ნ. ჭავჭავაძე). ვიწრო მნიშვნელობით, კ. ფ. არის XIX ს. ბოლოსა და XX ს. I ნახ-ის ევროპულ ფილოსოფიაში წარმოშობილი მიმართულება. ნეოკანტიანურ (ვინდელბანდ-რიკერტის) ტრადიციაში ფილოს. შესწავლის უპირველესი საგანი საზრისისა და ღირებულების შემეცნებაა, რ-თა რეალიზება კულტ. სფეროში ხდება. ამდენად, ფილოსოფია სხვა არაფერია, თუ არა კ. ფ-ის საზრისზე ორიენტირებული კულტ. გაგება, რაც განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა თანამედროვე დებატებში კულტ. შესახებ. აქ კულტურა ვლინდება როგორც „საზრისის სისტემათა“ და „სიმბოლურ წესრიგთა“ კომპლექსი. მათი მეშვეობით აქტორები ქმნიან გარკვეული მნიშვნელობის მქონე საკუთარ სინამდვილეს. საზრისზე ორიენტირებული კულტ. ცნება ძირითადად ნეოკანტიანელთა მარბურგის სკოლის წარმომადგენლის, ე. კასირერის (1874–1945) სიმბოლურ ფორმათა ფილოსოფიას, ე. ჰუსერლის ფენომენოლოგიას და ლ. ვიტგენშტაინის ენის ფილოსოფიას ეყრდნობა. ამ კონტექსტში არსებითია იმის ხაზგასმა, რომ კულტ. კოდები, საზრისთა სისტემები და პრაქტიკები, რ-თა მეშვეობით სიმბოლური წესრიგი გამოითქმება, რეალიზდება და რეპროდუცირდება, არ ფლობს ზედროულ ხანგრძლივობას და უნივერსალურ ნიშან-თვისებებს.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ფილოსოფიაში, ისტორიული მატერიალიზმის საგნობრივ ველში, პროლეტკულტურის, მისი კლასობრივი და ნაციონალური შინაარსით დატვირთვის პირობებში, კულტ. თეორ. საკითხების ღრმა მეცნ. კვლევა თითქმის არ არსებობდა.
XX ს. 60-იანი წლებიდან, საბჭოთა მემკვიდრეობისაგან მეტ-ნაკლები დისტანცირების პროცესში, კ. ფ-ის პრობლემატიკის კვლევა ქართულ ფილოსოფიაში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ადამიანის, კულტურისა და ღირებულების ფილოს. საკითხთა დამუშავება საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტის სტრატეგიულ მიმართულებად ცხადდება. ქართველმა ფილოსოფოსებმა (ა. ბოჭორიშვილი, ნ. ჭავჭავაძე, მ. მამარდაშვილი, ო. ჯიოევი, ზ. კაკაბაძე, თ. ბუაჩიძე, დ. ქერქაძე, ე. კოდუა, ჯ. კორძაია და სხვ.) შემოქმედებითად აითვისეს კ. ფ-ისა და აქსიოლოგიის მიღწევები. კულტ. ცნების ინტერდისციპლინური ანალიზის თვალსაზრისით საინტერესო ნაშრომები შექმნეს ა. ბოჭორიშვილმა („რა არის კულტურა?“, 1965; „კანტის ესთეტიკა“, 1967), ნ. ჭავჭავაძემ („კულტურა და ღირებულებები“, 1984; რუს. ენაზე), ო. ჯიოევმა („კულტურა და ფილოსოფია“, 1983; „კულტურის საზრისი“, 1990, რუს. ენაზე). მ. მამარდაშვილი თავის მრავლრიცხოვან ლექციებსა და ფილოს. საუბრებში იდეოლოგიისგან თავისუფალი კულტ. შემოქმედების იდეას და მის ორიგინალურ გაგებას ავითარებდა; კ. ფ-ის სპეციფიკა, კულტ. სტრუქტურა, ღირებულებათა გადაფასება და იერარქია, ნეოკანტიანელთა ღირებულებების თეორიები საფუძვლიანად არის გადმოცემული შემდეგ ნაშრომებში: „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“ (გ. თევზაძე, 1963), „ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება“ (ზ. კაკაბაძე, 1979), „ლოკალური ცივილიზაციების თეორიათა კრიტიკა“ (დ. ქერქაძე, 1978), „თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის სათავეებთან (ა. შოპენჰაუერი, ფ. ნიცშე, ს. კირკეგორი)“ (თ. ბუაჩიძე, 1986) და სხვ. ითარგმნა კ. ფ-ის ფუნდამენტური ტექსტები: „რა არის ადამიანი?“ (ე. კასირერი, 1983), „Homo Ludens“ (ი. ჰაიზინგა, „კაცი მოთამაშე“ 1997) და სხვ.
ადამიანის, კულტ. და ღირებულებების ფილოს. პრობლემების დამუშავება ნ. ჭავჭავაძეს „ფილოსოფიურ-კულტურული ორიენტაციის“ მომავალ პერსპექტივად მიაჩნდა. კ. ფ-ის სხვადასხვა პრობლემას ამუშავებს მ. მამარდაშვილის და ნ. ჭავჭავაძის ინტელექტუალურ ტრადიციაზე ჩამოყალიბებული ფილოს. მკვლევართა ახალი თაობა (გ. ნოდია, მ. ბიჭაშვილი, კ. კაციტაძე, ა. ყულიჯანიშვილი, ნ. ფიფია და სხვ.).
კ. ფ-ის საგნობრივი ჰორიზონტის განვრცობისა და ქართ. ფილოს. ახალი პერსპექტივების გამოკვეთის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კვლევები განხორციელდა გ. რობაქიძის სახ. უნ-ტის ფილოსოფიისა და სოც. მეცნ. კვლევით ინ-ტში. ქართულად გამოიცა კ. ფ-ისადმი მიძღვნილი მნიშვნელოვანი თარგმანები (მაგ., ფ. ნიცშეს რჩეული თხზულებები), სამეცნ. კრებულები და მონოგრაფიები. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია თ. ირემაძის ნაშრომი „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“ (2013). ახალი საქართველოს უნ-ტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნ.-კვლ. არქივის მიერ გამოიცემა საერთაშ. სამეცნ. სერია „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“ (რედ. თ. ირემაძე და ჰ. შნაიდესრი), რ-ის ფარგლებშიც კ. ფ-ის უაღრესად აქტ. პრობლემები განიხილება.
ლიტ.: ბუაჩიძე თ., თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან, თბ., 2013; დიუი ჯ., თავისუფლება და კულტურა, ინგლ. თარგმნა გ. თავაძემ, თბ., 2014; ზაქარიაძე ლ., ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივები ინტერკულტურული ფილოსოფიის ჭრილში, „კადმოსი“, 2012, № 4; თევზაძე გ., გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია, თბ., 1963; ირემაძე თ., ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე, თბ., 2013; კაკაბაძე ზ., ფილოსოფია და ცხოვრება, ბათ., 2012; კასირერი ე., რა არის ადამიანი? ცდა ადამიანური კულტურის ფილოსოფიის აგებისა, გერმ. თარგმნა ლ. რამიშვილმა, თბ., 1983; ნიცშე ფრ., Ecce Homo. როგორ ხდება ადამიანი ის რაც არის, გერმ. თარგმნა გ. თავაძემ, თბ., 2011; ნოდია გ., თამაშის ცნება კულტურის ფილოსოფიაში, თბ., 1987; ყულიჯანიშვილი ა., კულტურის თეორია, თბ., 2009; ჯიოევი ო., კულტურა და ფილოსოფია, ბათ., 2008; ჰ ა ი ზ ი ნ გ ა ი., Homo Ludens კაცი მოთამაშე, თარგმნა გ. ნოდიამ, თბ., 1997; Д ж и о е в О. И., Смысл культуры, Тб., 1990; Культура в свете философии, Тб., 1979; Философские проблемы культуры, pед. Н. З. Чавчавадзе, Тб., 1980; Ч а в ч а в а д з е Н. З., Культура и ценности, Тб., 1984; K o n e r s m a n n R. (Hg.), Handbuch Kulturphilosophie, Stuttgart/ Weimar, 2012. S t e i n L., An der Wende des Iahrhunderts. Versuch einer Kulturphilosophie, Freiburg, Br., 1899.
ლ. ზაქარაძე