კულუხი, გლეხის ვენახზე დაწესებული ფეოდალური გადასახადი იხდიდნენ ღვინით. კ-ს ოდენობა ვენახის ფართობის, მოსავლის ან გლეხის შეძლების მიხედვით მერყეობდა მოსავლის 1/2-იდან 1/10-მდე. აღმ. საქართვ. მთაში კ. ეწოდებოდა ხატ-სალოცავების სახელზე არსებული მიწების სარგებლობისათვის დადგენილ ნატურალურ გადასახადს (საკლავი, სასმელი). მისი რაოდენობა მეკულუხისადმი მიცემული მიწის ნაკვეთის მოცულობით განისაზღვრებოდა. კ-ის გადახდის შემთხვევაში მეკულუხეს ხატის მიწით სარგებლობის უფლება კიდევ ერთი წლით უხანგრძლივდებოდა. „ხატიმიწების“ სარგებლობის უფლება მხოლოდ ხელმოკლე ოჯახებს ეძლეოდათ. მიწის ფეოდალური საკუთრების მოშლასთან ერთად კ-მა არსებობა შეწყვიტა.
ლიტ.: ითონიშვილი ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობის სოციალური სტრუქტურა XIV–XVIII საუკუნეებში, თბ., 2001.