კუმურდო

კუმურდო, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მდ. მტკვრის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: კ., კიროვაკანი). ზ. დ. 1740 მ, ახალქალაქიდან 14 კმ. 1,9 ათ. მცხ. (2014).

კ-ს მახლობლადაა მუსტიეს ხანის გვიანდ. საფეხურის ღია ნამოსახლარი. არქეოლოგიურად შესწავლილია 1960 (ხელმძღვ. გ. გრიგოლია). მასალა გავრცელებულია 1,5–2,0 ჰა-ზე. ზედაპირულად შეგროვებულია ანდეზიტ-ბაზალტისა და ობსიდიანისგან ნაკეთები ქვის 69 იარაღ-ანატკეცი (სახოკები, დანები, დისკოსებრი ნუკლეუსები, წვეტანები, ლამელები). ქვა დამუშავებულია ძირითადად ე. წ. ლევაზიური ტექნიკით. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ჯრუჭულის, კუდაროს, ილსკაია-სტაროსელიეს, დაშსალახის და სხვა ნამოსახლარებში.