კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი

კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი, X ს.

კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი, X ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი (არქიტექტორი საკოცარი). მდებარეობს სოფ. კუმურდოში (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი). ტაძარი გამორჩეულია მხატვრული ღირებულებით და შუა საუკუნეების ქართ. არქიტ. თვალსაჩინო ნიმუშია. მიეკუთვნება ექვსაფსიდიანი ეკლესიების ტიპს. გარდამავალი ხანისათვის დამახასიათებელი გეგმით – გარედან ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი გუმბათქვეშა ექვსწახნაგას გარშემო ცენტრისკენ გახსნილი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი – დას-ით მართკუთხა მკლავი ჰქონდა, რ-იც ბურჯების წყვილით სამ ნავად იყო დაყოფილი (ზედა სართულზე, სავარაუდოდ, სამმხრივი პატრონიკეთი). ბემით დაგრძელებული საკურთხევლის გვერდებზე აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა. ჩრდ-ისა და სამხრ-ის ორ-ორი აფსიდი ერთმანეთის პარალელურია. გუმბათი აღმართული იყო  აფსიდების შვერილებთან დაკავშირებულ ექვსწახნაგა სვეტებზე გადაყვანილ თაღებზე. გუმბათის ყელის წრიული გეგმის მისაღებად გამოყენებულია პანდანტივები. ტაძარში ორი შესასვლელია – სამხრეთისა (ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული აფსიდიანი კარიბჭის გავლით) და დასავლეთის.

გარეგნული სახით ფასადთა დამუშავების დროს არ არის გამოყენებული დეკორ. თაღედი, რ-იც X–XI სს. მიჯნიდან ქართ. ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა. თვალსაჩინოა ახალი ეპოქის სხვა ნიშნები, რასაც მოწმობს აზიდული პროპორციები, აფსიდებს შორის შეჭრილი სამკუთხა ნიშები, სანიმუშო ოსტატობით შესრულებული სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები და ჩუქურთმიანი ჯვრები. კუმურდოს ფასადების მოპირკეთება მოვარდისფრო ტონალობისაა, ხოლო აქა-იქ ჩართული ინტენს. ღვინისფერი „ლაქები“ მას განსაკუთრებულ ეფექტურობას ანიჭებს.

კუმურდოს ტაძარი. გურანდუხ დედოფლის გამოსახულება. X საუკუნე.

კუმურდოს ტაძარი გამოირჩევა წარწერათა სიმრავლით. მოცემულია სამშ., მემორიალური და სააღაპე წარწერები, გვხვდება გამოსახულებათა განმარტებებიც (ამოკითხულია ხუთ ათეულზე მეტი წარწერა). ასომთავრულით შესრულებული რელიეფური სამშენებლო წარწერა (4 და 12 სტრიქონად) ტაძრის სამხრ. შესასვლელის ტიმპანზეა. წარწერიდან ირკვევა, რომ იოვანე ეპისკოპოსმა ეკლესიას საფუძველი ჩაუყარა აფხაზთა მეფის ლეონის დროს 964 წელს, „..ქორონიკონსა რპდ, თუესა მაჲსსა, დღესა შაბათსა მთოარისსა.“ (რპდ = 184+780= 964) ხუროთმოძღვარ საკოცარის ხელით (იხ. აგრეთვე კუმურდოს ტაძრის წარწერები). საყურადღებოა სამხრ. სტოაზე შესრულებული წარწერა – „ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე ბაგრატ და დედაჲ მათი მარიამ დედოფალი. აღეშენა შტოჲ ესე მეფობასა მათსა მღვდელთმოძღურობასა ზოსიმე კუმურდოელისასა.“ მოხსენიებული მეფე არის ბაგრატ IV (1027–72). გადარჩენილია სამხრ. სტოის მხოლოდ სამხრ. კედელი. რესტავრატორებმა ძეგლის გაწმენდისას მისი გეგმა სრულად აღადგინეს. ტაძარმა ჩვენამდე დიდი დანაკარგებით მოაღწია – ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი, დანგრეულია და არქიტ. დარღვევით არის აღდგენილი დას. კედელი. მეორედ აღმშენებლის, პატრონი ელისბალის წარწერა დას. შესასვლელის არქიტრავზეა (XVI ს.) განთავსებული.

1974 რ. გვერდწითელის ხელმძღვანელობით დაიწყო ტაძარზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები, რ-იც ინტერვალებით 80-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა. 2015 მომზადდა ტაძრის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რ-იც დღესაც გრძელდება არქიტექტორ-რესტავრატორების თ. ნემსაძისა და რ. გურამიშვილის თაოსნობით.

ლიტ.: ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 1, თბ., 2014; ს ი ლ ო გ ა ვ ა  ვ., კუმურდოს ტაძრის ეპიგრაფიკა, თბ.,1994; Ч у б и н а ш в и л и  Г., Кумурдо и Никорцминда как пример развития этапов стиля в грузинском искусстве, „Вопросы истории искусства“, 1970, т.1.

ვ. ბერიძე

გ. მარსაგიშვილი