კუმურდოს ტაძრის წარწერები, რელიეფური და ამოკვეთით შესრულებული ქართული ასომთავრული წარწერები კუმურდოს კათედრალური ტაძრის (ისტ. ჯავახეთში, ახალქალაქის სამხრ.- დას-ით მე-12 კმ-ზე) კედლებზე, განეკუთვნება X, XI, XVI სს-ებს. ეს წარწერები მრავალფეროვანია შინაარსითა და დანიშნულებით – სამშენებლო, მემორიალური, განმარტებითი, სააღაპე. მთავარი თავდაპირველი სამშენებლო წარწერა მოთავსებულია ტაძრის სამხრ. შესასვლელის არქიტრავზე. წარწერაში იშვიათი სიზუსტით არის გადმოცემული ცნობები ტაძრის მშენებლობის შესახებ: კუმურდოს ტაძარი აუშენებია იოვანე ეპისკოპოსს 964 წ. ლეონ აფხაზთა მეფის დროს, ადგილობრივი ხელისუფლის, ზუიას ერისმთავრობისას. ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა საკოცარი.
964 წლით თარიღდება ასევე ტაძრის ათამდე წარწერა: იოვანე ეპისკოპოსის მემორიალური წარწერა აღმ. ფასადზე; გიორგისა (როგორც ჩანს, სამუშაოთა ხელმძღვანელისა) და სხვა მაშენებელთა კვერექსი (მოსახსენიებელი) ტაძრის სამხრ. შესასვლელის არქიტრავის მარჯვ. კუთხეში; ვაჩე ერისთავის სააღაპე სამხრ. ფასადზე; ადამის, ევას, ცისა და ქვეყნის, ადამიანის თავის რელიეფური გამოსახულებები ტაძრის სამხრ. და ჩრდ. ფასადების ნიშებში და სხვ.
X ს. II ნახ. და XI ს. I ნახ-ით თარიღდება ტაძრის სამხრ. ფასადზე ამოკვეთილი შვიდი სააღაპე წარწერა, რ-ებიც გვამცნობენ, რომ სხვადასხვა კუმურდოელ ეპისკოპოსს სხვადასხვა დროს აღაპები დაუდგენია სხვადასხვა პირთათვის.
XI ს-ში, ბაგრატ IV-ის (1027– 72) მეფობისას, კუმურდოელ ეპისკოპოს, ზოსიმეს ტაძრისთვის დას. მხრიდან მართკუთხა გარშემოსავლელი („შტოQ“) მიუშენებია. ამის შესახებ მას სამხრ. კედელზე, კარნიზის გასწვრივ, მოზრდილი ასოებით ერთ გრძელ სტრიქონად ვრცელი წარწერა ამოუკვეთინებია. წარწერის დასაწყისი ნაკლულია, მაგრამ სრული ტექსტის აღდგენა შესაძლებელი გახდა. იმავე ზოსიმე ეპისკოპოსს, სხვა წარწერით, უცნობი დავით ოქრომჭედლის ხელით „შეუმოსავს“ ტაძრის საკურთხეველი, ბარძიმ-ფეშხუმი, „ჯუ¤არი“ (როგორც ჩანს, საკურთხევლის წინამდებარე) და შეუმკია „ღმრთაების“ ხატი. ყოველივე ამის გამო მას დავითისათვის ორი მოსახსენიებელი (სააღაპე) დღე დაუდგენია – ბზობის კვირის პარასკევი და სამებობა – ბრწყინვალე შვიდეულის, ანუ აღდგომის კვირის სამშაბათი (ორივე გარდამავალი, მოძრავი ქრისტ. დღესასწაული). ამის შესახებ მას ვრცელი კიდურწაისრული წარწერა ამოუკვეთინებია ტაძრის სამხრ. ფასადზე. დავით ოქრომჭედლის დასახელებულ არც ერთ ნამუშევარს ჩვენამდე არ მოუღწევია.
XVI ს. 10-იან წლებში კუმურდოს ტაძარში აღდგენითი სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარებია ადგილ. ხელისუფალს, პატრონ ელისბალს, რ-საც წარწერა ამოუკვეთინებია ტაძრის დას. მინაშენის დას. შესასვლელის ახალ არქიტრავზე. წარწერაში დასახელებულ პირთა მიხედვით – „პატრონი ელისაბალ, დედა მათი ქრისტინა, მეცხედრე მათი მარის, ძენი და ასულნი მათი“ (ეს პირები ცნობილი არიან სხვა წყაროებითაც; მათ შესახებ ცნობები გამოაქვეყნეს ე. თაყაიშვილმა, ქ. შარაშიძემ, ვ. ცისკარიშვილმა) – წარწერის თარიღი 1511–15 განისაზღვრება. იმავე არქიტრავზე ამოკვეთილია მისივე თანადროული სხვა წარწერები: ერთი ზოსიმე კუმურდოელის, ხოლო მეორე გალატოზ მიქელის მოსახსენიებელია.
კ. ტ. წ. ქართ. ეპიგრაფიკის გამორჩეული, მნიშვნელოვანი ძეგლებია როგორც ენობრივად, ისე მათში ასახული ისტ. ცნობებით. დასახელებულია მრავალი ისტ. პირი, რ-თა მოღვაწეობის პერიოდი X–XVI სს. მოიცავს. ეს წარწერები შეისწავლეს და გამოაქვეყნეს მ. ბროსემ (1847), ი. როსტომაშვილმა (1881), ე. თაყაიშვილმა (1902), ნ. ბერძენიშვილმა (1933–64), ვ. ცისკარიშვილმა (1959) და სხვ.
ლიტ.: სილოგავა ვ., კუმურდო. ტაძრის ეპიგრაფიკა, თბ., 1994.
ვ. სილოგავა