კუნგ ფუ, გონგფუ (ჩინ. გონგ ფუ – მუშაობა, ძალისხმევა ან დიდი შრომის შედეგად შეძენილი ოსტატობა), ჩინური საბრძოლო ხელოვნება. XX ს. 60–70-იან წლებში ეს ტერმინი დასავლეთის პრესამ გაავრცელა, როგორც ჩინური საბძოლო ხელოვნ. სახელწოდება. ცნობილია საბრძოლო ხელოვნების დაახლ. 2000 სტილი. თითქმის ყველა მათგანი (ჯიუ-ჯიცუ, კარატე, ტაე-კვონდო და სხვ.) კორეაში, იაპონიასა და ინდოჩინეთის ქვეყნებში ჩინური საბრძოლო ხელოვნ. – უშუს საფუძველზე აღმოცენდა.
ჩინური საბრძოლო ხელოვნ. უშუ კ. ფ-ს ისტორია იწყება ძვ. წ. 2600-იდან, როცა იმპერატორმა ჰუანგ დიმ სამხედრო წვრთნის ეფექტური მეთოდების შემუშავება მოითხოვა. 525 იმპ. უ-დის მიწვევით ბუდისტი ბერი ბოდჰიდჰარი დასახლდა შაოლინის მონასტერში (ააგეს V ს-ში) და სათავე დაუდო ბუდიზმის ჩინურ ვარიანტს – ჩენ ბუდიზმს, რ-იც სულიერი სრულყოფის მისაღწევად მედიტაციის პრაქტიკას იყენებს. ბოდჰიდჰარმა დაწერა ორი ტრაქტატი: „იცზინ-ცზინი“ („წიგნი კუნთებისა და ძარღვების გარდაქმნის შესახებ“) და „სისუი-ცზინი“ („წიგნი ძვლის ტვინისა და თავის ტვინის განწმენდის შესახებ“). მანვე შეიმუშავა ვარჯიშების კომპლექსი, რ-ის შერწყმა ხელჩართული ბრძოლის ილეთებთან წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჩინური საბრძოლო ხელოვნ. უშუ კ. ფ-ს განვითარების გზაზე. VII ს-ში იმპ. ლი შიმინმა მონასტერს ოფიციალურად მიანიჭა უფლება, ჰქონოდა საბრძოლო ხელოვნ. სკოლა და ჰყოლოდა საკუთარი „ჯარი“. შაოლინის მონასტერი იქცა ცენტრად, სადაც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა საბრძოლო ხელოვნება. XVII ს-ში მანჯურიელებმა, რ-ებმაც ჩინეთი დაიპყრეს, საბრძოლო ხელოვნ. სწავლება აკრძალეს (ეს აკრძალვა 1644-იდან 1911-მდე მოქმედებდა). II მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტებმაც აკრძალეს საბრძოლო ხელოვნ. სწავლება. მოგვიანებით ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უშუ ოლიმპიურ სახეობად ექცია და დაიწყო ზრუნვა ტრად. საბრძოლო ხელოვნ. აღორძინებაზე. დასავლეთში XX ს. 60-იანი წლებიდან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ცნობილი ოსტატისა და კინომსახიობის, ბრიუს ლის მიერ ვინჩუნის სტილის საფუძველზე შექმნილმა და მოდიფიცირებულმა კ. ფ-მ.
1980 თბილისში უშუ კ. ფ-ს პირველი სკოლა „შოლინ-სი ჩუან ფა“ დააფუძნა ჩინელმა ოსტატმა სიუენ ჯაო შანმა. აქ ისწავლებოდა არწივის სტილი (ცინ-ინგ-ჩუან, ნანცუანი, ტაი-ძი, დაოშუს, გუნშუ). სკოლაში 300-მდე მოსწავლე ვარჯიშობდა. 1989 შეიქმნა საქართვ. უშუ კ.ფ-ს ეროვნ. ფედერაცია, რ-იც 1996 გახდა საერთაშ., ხოლო 2006 – ევრ. ფედერაციების სრულუფლებიანი წევრი. 1991 თბილისში პირველად ჩატარდა საქართვ. ჩემპიონატი. 2014 ევრ. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს ორი, 2016 კი – ხუთი საპრიზო ადგილი. 2017 ევრ. ჩემპიონატს უმასპინძლა თბილისმა. 2019 ევრ. ჩემპიონატზე საქართვ. ნაკრებმა მოიპოვა 4 პირველი, 8 მეორე და 7 მესამე ადგილი. ამავე წელს კ.ფ-ს მსოფლიოს VIII ჩემპიონატზე ქართველმა უშუისტებმა მოიპოვეს 8 პირველი, 4 მეორე და 10 მესამე ადგილი.
გ. ვერულიძე