კუნელი (Crataegus), ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მოიცავს 200- მდე სახეობას (სხვა მონაცემებით 1000-ზე მეტ სახეობას), რ-ებიც გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერსა და ნაწილობრივ სუბტროპ. ჰავის ზონაში (ძირითადად ჩრდ. ამერიკაში).
კავკასიაში ბუნებრივად გავრცელებული 20-მდე სახეობიდან საქართველოში იზრდება 9. მათგან კავკასიური კ. (C. caucasica) და კოლხური კ. (C. colchica, C. pentagyna supsb. pentagyna) ენდემებია, პირველი სამხრ.-აღმოსავლეთ კავკასიისა, მეორე – კოლხეთის. მოშენებულია ზოგიერთი ველური კ-ც. ინტროდუცირებულია აგრეთვე 30-მდე სახეობა. ველური სახეობიდან ჩვენში უფრო მეტად გავრცელებულია შავი, ანუ ხუთბუშტუკოვანი კ. (C. pentagyna) და ირიბჯამფოთოლაკიანი კ. (C. curvisepala,). კ. საქართველოში ყველგან იზრდება, ბარიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე, მშრალ და ღია ფერდობებზე, გამეჩხერებულ ტყეებსა (ქვეტყე) და ნაკაფებზე, ზოგჯერ სუბალპურ სარტყელშიც აღწევს. გვხვდება უფრო ბუჩქნარების – კუნელიანების სახით, რ-იც მეტწილად ტყის მოჭრის შედეგად ჩნდება და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. კ. ერთნაირად ხარობს სხვადასხვა სახის ნიადაგზე, თუმცა უფრო მეტად ღრმა, საშუალოდ ტენიან და დაწრეტილ ნიადაგზე ვრცელდება. ყვავილობს აპრილ-ივლისში. ნაყოფი მწიფდება სექტ.-ოქტ-ში. საკმაოდ ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით, ზოგჯერ ფესვის ნაბარტითაც. ცოცხლობს 200–300 წელს. დეკორატიულია. გამოსადეგია ცოცხალ ღობედ; მშრალი ფერდობების გასამწვანებლად; ვაშლის, მსხლის, კომშის, ზღმარტლის საძირედ. აქვს მკვრივი და მაგარი ღია ვარდისფერი ან მურა-მოწითალო მერქანი, რ-საც იყენებენ წვრილმანი ნივთების დასამზადებლად, ნუჟრებს – სადურგლოდ. ზოგი სახეობის (ყამბრო – C. pontica; კნაპა – C. orientalis და სხვ.) ნაყოფი იჭმება. ზოგან გამხმარ ნაყოფს ფქვავენ და პურის ფქვილში ურევენ. ნორჩი ფოთლების ნაყენისგან ჩაისმაგვარი სასმელი მზადდება.
კ. თაფლოვანი მცენარეა. პოპულარულია არა მარტო ტრადიციულ, არამედ კლასიკურ მედიცინაში. მას აქტიურად იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას, კარგ ეფექტს იძლევა ჰიპერტონიის დროს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს, სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. კ-ის ნაყოფისაგან ამზადებენ კომპოტს, ჯემს, პიურეს, ასევე – „უმ მურაბას“ (ინახავენ შაქართან ერთად).
ვ. მირზაშვილი