დუისი, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), პანკისის ხეობაში, მდ. ალაზნის მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: დ., წინუბანი). ზ. დ. 640 მ, ახმეტიდან 16 კმ. 4,1 ათ. მცხ. (2002).
დ-ის ტერიტორიაზეა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა. სოფლის ტერიტ. ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა პანკისის ხეობაში. მოსახლეობისაგან დაიცალა XVIII ს. II ნახევარში, ლეკიანობის დროს. კვლავ მოშენდა დაახლ. XIX ს. შუა წლებში.
გადმოცემით, აქ ჩასახლებულა ქისტეთიდან გადმოსული ვინმე დუი (აქედან მოდის სოფლის სახელწოდებაც). დასახლებულია ქისტებით. მისდევენ სოფ. მეურნეობას. რუს. გენ. შტაბის ხუთვერსიანი რუკისა და XIX ს. კამერალური აღწერის მიხედვით, დ-ის მეორე სახელწოდება იყო პანკისი. სოფლის აღმ-ით დგას გვიანდ. შუა სს. ორი დარბაზული ეკლესია.
დ. მუსხელიშვილი