კუპრავა ოთარ გალაქტიონის ძე (20. X. 1925, სოფ. ძველი აბაშა, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 6. II. 1977, თბილისი), მწერალი, მთარგმნელი. დაამთავრა მოსკ. მ. გორკის სახ. ლიტ. ინ-ტი (1952). პირველი ლექსი 1940 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები“ – 1951. მისი პოეტური კრებულებია: „ნაცრისფერი ყაბალახი“ (1952), „მგზავრული“ (1966), „გზა უღელტეხილს უახლოვდება“ (1971), „მაღალი მთები დაუთოვია“ (1976), „ლექსები, პოემები“ (1980) და სხვ. კ-ს რომანი „ლურჯი იების ზღაპარი“ (1967) ასახავს ქართ. სოფლის ცხოვრებას, ხოლო რომანი „სირიაჩქონის ტყის სიზმარი“ (1977) მიუძღვნა ქართ. კომკავშირული ორგანიზაციის, „სპარტაკის“ მოღვაწეობას. კ-მ თარგმნა ნ. ტიხონოვის, ა. სურკოვის, ა. სოფრონოვის, მ. ქარიმის, კ. ხეთაგუროვის, მ. ლასურიას და სხვათა ნაწარმოებები. მისი ლექსები და რომანი „ლურჯი იების ზღაპარი“ თარგმნილია რუს. ენაზე.
თხზ.: მზე შინა და მზე გარეთა, თბ., 1957; სუდღარის წყალი, თბ., 1961; ორი რომანი, თბ., 1982.
მ. კვარაცხელია