კუპრაშვილი ჰენრი ოთარის ძე

ჰ. კუპრაშვილი 

კუპრაშვილი ჰენრი ოთარის ძე (დ. 13. IX. 1946, ხაშური), ისტორიკოსი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი, სპორტსმენი. პოლიტ. მეცნ. დოქტორი (2003). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი ( 1976), სპი-ის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკ-ის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1977). საქართვ. სახელმწ. მეთაურის აპარატში იყო მთ. სახელმწ. მრჩეველი, სახელმწ. მეთაურის დავალებების კონტროლისა და ცენტრ. მმართველობით ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი (1992–96); დსთ-ის წევრი სახელმწიფოების ინფორმატიზაციის საკოორდინაციო საბჭოში საქართვ. სახელმწ. წარმომადგენელი (1996–2001); საქართვ. ეროვნ. უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი (1996–2003), ინფორმაციის ანალიზის განყ-ბის უფროსი (2004); საქართვ. ცურვის ეროვნ. სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი (2010-იდან), სტუ-ის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკ-ტის სრული პროფესორი (2010–17); სამართლისა და საერთაშ. ურთიერთობების ფაკ-ტის პროფესორი (2017-მდე).

კ-მა პირველმა, ცურვის ე. წ. „კოლხური“ წესის შესაბამისად და ოთხგან ხელფეხშეკრულმა, 2002 წ. 30 აგვისტოს გადაცურა დარდანელის სრუტე (12 კმ). არის მსოფლიო ჩემპიონი ბიატლში, (ინდივიდ., ეგვიპტე, ქ. ჰურგადა, 2018; გუნდური, ბათუმი, 2015), ტრიალში (გუნდური, ბათუმი, 2015). მრავალი საერთაშ. ასოციაციის წევრი. საქართვ. სპორტის დამს. მოღვაწე (2017).

კ. არის მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სამეცნ. ნაშრომების ავტორი.

კ. იბრძოდა აფხაზეთში საქართვ. ტერიტ. მთლიანობის დასაცავად. მიღებული აქვს მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ (1993) და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2002).