კუპრაძე ვიქტორ დიმიტრის ძე (2. XI. 1903, სოფ. ყელა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 25. IV. 1985, თბილისი), მათემატიკოსი. საქ. სსრ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1935), პროფესორი (1939), საქ. სსრ მეცნ. და ტექნ. დამს. მოღვაწე (1943). 1927 დაამთავრა თსუ, 1927–31 მუშაობდა იქვე. 1933–35 იყო სსრკ მეცნ. აკად. მათ. ინ-ტის სწავლული მდივანი, 1936–41 – სსრკ მეცნ. აკად. საქართვ. ფილიალის მათ. ინ-ტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის უმაღლესი მათ. კათედრას და თსუ-ის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრას. იყო საქ. სსრ განათლების მინისტრი (1944–53), საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს თავ-რე (1954–63), თსუ-ის რექტორი (1954–58), საქართვ. მათ. საზ-ბის პრეზიდენტი (1962– 66), საქ. სსრ მეცნ. აკად. მათ. და ფიზ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (1963–81), ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
კ-ის ნაშრომებში გამოკვლეულია დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიის, სტაციონარული რხევების, სტატიკისა და დინამიკის ძირითადი და საკონტაქტო სასაზღვრო ამოცანები. კ-მ გადაწყვიტა ამ ამოცანათა კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის საკითხები. შექმნა ამოხსნების მიახლოებითი აგების მეთოდები და მათი რიცხვითი რეალიზაციის ალგორითმები (მ. ალექსიძესთან ერთად) ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნ. გამოყენებით. კ-ის ნაშრომებში აგრეთვე გამოკვლეულია დრეკადი, სეისმური, ელექტრომაგნ. და სხვა ტალღების გავრცელებისა და დიფრაქციის საკითხები, შესწავლილია სინგულარული ინტეგრალური და ფუნქციონალური განტოლებების თეორიის საკითხები. მიღებულ მნიშვნელოვან თეორ. შედეგებთან ერთად განხილულია მათი გამოყენებითი ასპექტებიც.
1971 კ-ს მიენიჭა საქ. სსრ სახელმწ. პრემია; მიღებული აქვს 2 ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები. იყო სსრკ თეორ. და გამოყ. მექან. ნაციონალური კომიტეტის (1976), საერთაშ. საზ-ბის –„მათემატიკის მეთოდები მექანიკაში“ პრეზიდიუმის (1977) და სსრკ მათემატიკოსთა ნაციონალური კომიტეტის (1980) წევრი.
თხზ.: Основные задачи математической теории диффракции, Л.-М., 1935; Граничные задачи теории колебаний и интегральные уравнения, М., 1950; Методы потенциала в теории упругости, М., 1963; Three-Dimensional Problems of Elasticity and Thermoelasticity, Amsterdam-N.-Y.-Oxford, 1979 (თანაავტ. T. G. Gegelia, M. O. Bashaleishvili, T. V. Burchuladze).
ლიტ.: გოკიელი ლ., მაღნარაძე ლ., გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე (პროფ. ვ. კუპრაძის დაბადების 60 წლისთავის გამო), „თსუ შრომები“, 1965, ტ. 110; ებანოიძე თ., წერილები ქართველ მათემატიკოსებზე, თბ., 1981; ვიქტორ კუპრაძე (ბიობიბლიოგრაფია), თბ., 2013.
გ. გოგიშვილი