კუპცისი რობერტ დავითის ძე (1881, ერცენის თემი, ლატვია, – 1954, თბილისი), ქიმიკოსი, ფარმაცევტი. 1908 წარჩინებით დაამთავრა ყაზანის უნ-ტის სამედიცინო ფაკ-ტი და მიენიჭა ქიმიკოს-ფარმაცევტის კვალიფიკაცია. უნ-ტის ხელმძღვანელობის რეკომენდაციით გამოემგზავრა თბილისში და გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა საქართველოში. იყო კავკ. სამხ. ოლქის სამხ. მედ. ლაბორატორიის ქიმიური განყ-ბის გამგე, სანიტარიის ინ-ტის თანამშრომელი, საქართვ. სასამართლო სამედ. ექსპერტიზის ნივთმტკიცებათა კვლევის ლაბორ. ხელმძღვანელი. 1934 დისერტაციის დაცვის გარეშე მიენიჭა მეცნ. დოქტორის ხარისხი.
კ-ს დიდი წვლილი მიუძღვის საქართვ. ბუნებრივი რესურსების კვლევაში. მისი სამეცნ. შრომების უდიდესი ნაწილი ეძღვნება მინერ. და მტკნარი წყლების შესწავლას. საქართვ. ტერიტორიაზე მან 100-ზე მეტი სამკურნ. მინერ. წყალი აღმოაჩინა, დაადგინა მათი ქიმ. შედგენილობა და ფიზ.-ქიმ. თვისებები (საქართველოში მის ჩამოსვლამდე გამოკვლეული იყო მხოლოდ 30-მდე მინერ. წყალი). ასევე შეისწავლა 3000-ზე მეტი წყალსაცავი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საქართვ. წყლის კადასტრი. დაადგინა საქართველოში საკვებად გამოყენებული ველურად მზარდი მრავალი მცენარის შედგენილობა, თვისებები, სამკურნალოდ მათი გამოყენების შესაძლებლობა. გამოიკვლია საქართვ. სამკურნ. ტალახების ქიმ. შედგენილობა და თავისებურებები. აქტიურად უწყობდა ხელს საქართვ. საკურორტო პოტენციალის, კერძოდ, წყალტუბოს, მენჯის, ლებარდეს, შოვის, საირმის, ლუგელას და სხვათა განვითარებას.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი.
შ. სიდამონიძე