კურაპალატი

კურაპალატი (ბიზანტ. ბერძნ. kuropalates < ლათ. cura Palatiae – სასახლის დაცვა), IV–V სს. ბიზანტიის კარის მოხელე, სასახლის დაცვის უფროსი. ითვლებოდა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს პირად (იმპერატორის შემდეგ). კურაპალატობას თავდაპირველად ანიჭებდნენ იმპერატორის ოჯახის წევრებს, ხშირად – ტახტის მემკვიდრეებს. ამ დროს კ. ჯერ კიდევ რეალურ სამოხელეო მოვალეობას ასრულებდა. VIII ს-ში გახდა საპატიო ტიტული, რ-საც უმაღლესი არისტოკრ. წარმომადგენლებს ანიჭებდნენ; IX ს-იდან უცხოელი ხელისუფლებიც და ბიზანტიელებიც კურაპალატობას გარკვეული დამსახურებისათვის იღებდნენ. XI–XII სს-ში კ-მა თანდათან დაკარგა მნიშვნელობა, XIII–XIV სს- ში მეორეხარისხოვან ტიტულად იქცა, ხოლო XV ს-ში საერთოდ აღარ მოიხსენიებოდა.

კ-ის ტიტული IX ს-იდან ენიჭებოდათ იბერიის (თავდაპირველად ტაო-კლარჯეთის, შემდეგ გაერთიანებულ საქართველოს) მეფე-მთავრებს. პირველი კ. მათ შორის იყო აშოტ I (IX ს.), შემდეგ კურაპალატობა მუდმივად ეძლეოდათ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლებს, XI ს-იდან – საქართველოს მეფეებს (ბაგრატ III, გიორგი I, ბაგრატ IV, გიორგი II). დავით აღმაშენებელმა უარყო ბიზანტ. ტიტულები და მას შემდეგ კ. ქართველ მეფეებს აღარ უტარებით.

ლიტ.: G u i l l a n d  R., Etudes sur l’histoire administrative de l’ Émpire Byzantin. Le curapalate, «Byzantina», 1970, t.2.

ნ. ლომოური