კურდღელაიძე გარსევან მელიტონის ძე

კურდღელაიძე გარსევან მელიტონის ძე (11. XI. 1920, სოფ. შენაქო, ახმეტის მუნიციპალიტეტი, – 12. X. 1983, თბილისი, დაკრძალულია სოფ. ქვემო ალვანში), გეოგრაფი. 1956 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგიის ფაკ-ტი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო თუშეთში ჰიდრომეტეოროლ. სადგურის უფროსად.

კ. იყო პირველი ქართვ. მეცნიერი, რ-მაც მონაწილეობა მიიღო ანტარქტიდის შესწავლაში. იგი 1957–59 იმყოფებოდა სამეცნ.-კვლევით სადგურ „პიონერსკაიაზე“ და ხელმძღვანელობდა მეტეოროლ. კვლევებს. 1970‒71 ორჯერ იყო მიწვეული სსრ კავშირის ჰიდრომეტეორ. სამსახურის ოკეანოლოგიურ ექსპედიციაში გემ „მუსონზე“. იკვლევდა ატლანტის ოკეანეს, განსაკუთრებით კი – გოლფსტრიმის დინებას; მისი უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა ბათიმეტრიული და ჰიდრომეტეოროლ. დაკვირვებები.

1959-იდან კ-მ მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტში. ხელმძღვანელობდა გლაციოლოგიურ ექსპედიციებს, წლების განმავლობაში იკვლევდა საქართვ. მყინვარებსა და მდინარეებს, სწავლობდა აფხაზეთისა და სამეგრელოს კარსტულ მღვიმეებს, მონაწილეობდა საქართვ. მყინვართა კატალოგის შედგენაში. ბოლო წლებში მუშაობდა გეოგრაფიის ინ-ტის სიონის ექსპერ. ლაბორ. ხელმძღვანელად, სადაც ახორციელებდა კომპლ. დაკვირვებებს.

კ-ს გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები. იგი იყო თვითმოქმედ ხელოვანთა რამდენიმე გამოფენის მონაწილე.

თხზ.: ანტარქტიდის დღიური, თბ., 1962; თუშეთი (მეურნეობა, ბუნება, ტოპონიმიკა), თბ., 1983.

ლიტ.: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, ენციკლოპედიური ცნობარი, ავტორ-შემდგენლები: კ. ხარაძე, შ. ჯავახიშვილი; თბ., 2003.

ე. ელიოზაშვილი