კურდღელაური

კურდღელაური, სოფელი კახეთის რეგიონის თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 560 მ, თელავიდან 3 კმ. 4,0 ათ. მცხ. (2014).

თქმულების თანახმად, თავდაპირველად კ. სამხრ-ით, მდ. ალაზნის მახლობლად მდებარეობდა, მაგრამ მტრის შემოსევების გამო მოსახლეობა იძულებული გამხდარა უფრო მაღლა, ჩრდ-ით, თელავის მახლობლად დასახლებულიყო. მეორე ვერსია ამჟამინდელი სოფლის პირველი დასახლების ადგილმდებარეობად სოფ. გულგულის მოპირდაპირე მხარეს, ფოხორაულად წოდებულ ადგილზე მიგვითითებს. შესაძლოა, ამ თქმულებას აქ 1956 არქეოლ. გათხრების დროს გამოვლენილი გვიანდ. ბრინჯაო–ადრინდ. რკინის ხანის ნამოსახლარი ადასტურებდეს (იხ. ფოხორაულის ნამოსახლარი). ლეგენდის თანახმად, ამ ახალი ადგილსამყოფელის სანახები კურდღლებით ყოფილა სავსე, ამიტომ ამ ადგილზე მცხოვრებლებს კურდღელაურლებად მოიხსენიებდნენ. აქედან მომდინარეობს სოფლის ამჟამინდელი სახელწოდებაც.

სოფელში და მის მახლობლად შემონახულია ხუროთმოძღვრების ძეგლები: კავთის (XVIII ს.), კვირაცხოვლის (გვიანდ. შუა საუკუნეები), ღვთისმშობლის (VII–X სს.), წმ. კვირიკეს, წმ. სტეფანეს (შუა საუკუნეები) ეკლესიები, აგრეთვე ყვავის საყდარი („პატარა ეკლესია“, VI ს.; აღდგენილია VIII–IX სს.), შუა საუკუნეების ე. წ. „ყვავიჭამიისა“ და ბედოიანთ ეკლესიები, გვიანდ. შუა საუკუნეების კოშკი.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1–2, თბ., 2015.