კურდღელაშვილი შოთა ნიკოლოზის ძე (15. V. 1918, თბილისი, – 10. II. 1995, იქვე), ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტ. მეცნ. დოქტორი (1974), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984). 1951 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი. 1960-იდან იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის თანამშრომელი. მუშაობდა დიპლომატად არაბულ ქვეყნებში – ერაყში (1962–63), სუდანში (1968–72), ლიბიაში (1975–78). საფუძველი ჩაუყარა საქართველოში არაბული ქვეყნების ახ. ისტ., თანამედროვე სოც.-ეკონ. და პოლიტ. პრობლემების მეცნიერულ კვლევა-ძიებას. არის არაერთი ნაშრომის, მ. შ. 5 მონოგრაფიის ავტორი.
თხზ.: ქართული სტამბის ისტორიიდან, თბ., 1959; რევოლუციური ხელისუფლების განმტკიცება ეგვიპტეში, თბ., 1968; Революция 1952 г. в Египте, М., 1966; Проблемы претворения в жизнь ливийской модели „третьего пути“ развития, М., 1983; Революционный процесс в странах Африки и Азии, Тб., 1984 (თანაავტ.). Падение монархии в Египте, Тб., 1985.