კურდღლისფრჩხილა (Lotus)

კურდღლისფრჩხილა

კურდღლისფრჩხილა (Lotus), მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში გვხვდება 5 სახეობა. L. corniculatus კარგი საძოვარი (ყვავილობამდე) და სათიბი ბალახია.

ყვავილი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს მწარე შხამიან გლიკოზიდს (თივასა და სილოსში ეს შხამი იშლება). იგი საქართველოში ყველგან იზრდება. ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნია. თივის მოსავალი – 2,0–3,0 ტ/ჰა. გათიბვის შემდეგ კარგად წამოიზრდება ხოლმე. კულტურულ სათიბ-საძოვრებში ხშირად მოჰყავთ სხვა ბალახებთან ერთად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბალახის მოსავლიანობას და აუმჯობესებს მის კვებით ღირებულებას. კ. თაფლოვანი მცენარეა.

ი. მიქელაძე