კურელა (Kurella) ალფრედ (ფსევდ. ვ. ციგლერი, ვ. რებიგი, ა. ბერნარდი) (2. V. 1895, ოდერის ბჟეგი, პოლონეთი, – 12. VI. 1975, ბერლინი), გერმანელი მწერალი. 1934–54 ცხოვრობდა რუსეთში. საქართველოსთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა (1928-იდან). 3 წელი ცხოვრობდა აფხაზეთის სოფ. ფსხუში. თარგმნა ვაჟა-ფშაველას პოემები, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, ი. ნონეშვილის ლექსები, დაწერა კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ გერმ. გამოცემის ბოლოსიტყვაობა (მცირე შემოკლებით დაიბეჭდა გაზ. „ლიტერატურულ საქართველოში“, 1969, №46). ყურადღებას იმსახურებს მისი წერილი „დიდი მნიშვნელობის შეხვედრა“ (გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1967, №47), 1956 გამოსცა დასურათებული ალბომი „მშვენიერი კავკასია“. კ-ს ცხოვრების ერთ ეპიზოდს ასახავს გ. რჩეულიშვილის მოთხრობა „სიკვდილი მთებში“.
შ. რევიშვილი