კურორტი (გერმ. Kurort, სამკურნალო ადგილი), ადგილი, რომელსაც აქვს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები და აუცილებელი პირობები მათი სამკურნ.-პროფილაქტიკური და რეკრეატიული მიზნით გამოსაყენებლად. კ-ის ტერიტორიაზე სამკურნ. დაწესებულებების ძირითადი ტიპია სანატორიუმი, პანსიონატი, დასასვენებელი სახლი, წყალსამკურნალო, საკურორტო პოლიკლინიკა, სამედ. პლაჟი და სხვ. ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორები (მინერ. წყალი, ჰაერი, სამკურნ. ტალახი და სხვ.) უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჰიპოკრატე მათ ფართოდ იყენებდა სხვადასხვა ქრონ. დაავადების სამკურნალოდ.
კ-ის პროფილს განსაზღვრავს წამყვანი ბუნებრივი ფაქტორი. არსებობს კლიმ., ბალნეოლ. და ტალახით სამკურნალო ჯგუფი. კლიმ. კ. თავის მხრივ შეიძლება იყოს მთის, ზღვის სანაპირო, ტყისა და ველის, ხოლო ბალნეოლ. კ. მინერ. წყლის გამოყენების მიხედვით – სასმელი წყლითა და აბაზანებით სამკურნალო. თუ კ-ზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორი, ის შერეული პროფილისაა – კლიმ.- ბალნეოლ., ბალნეოლ.-ტალახის, კლიმ.-ტალახის, კლიმ.-ბალნეოლ.- ტალახისა და სხვ.
საქართველოში სამკურნ.- პროფილაქტ. მიზნით გამოიყენება ველის, მთისა და შავი ზღვის სანაპიროს კლიმატი. საქართვ. კ-ების ერთ-ერთი ძირითადი საკურორტო ფაქტორი მისი ჰავაა. კლიმ. მრავალფეროვნებას განაპირობებს გეოგრ. მდებარეობა და შავი ზღვა, ამიტომ კლიმ. პირობები გამოირჩევა გამოხატული თერაპიული თვისებებით და გამოიყენება მრავალი პათოლოგიის სამკურნალოდ.
საქართველო მრავალფეროვანი ჰიდრომინერალური რესურსებით გამოირჩევა. აქ მოიპოვება 2000-ზე მეტი მინერ. წყალი, 1700-ზე მეტს ბუნებრივი გამოსავალი აქვს, ხოლო 300-ზე მეტი მიიღება ჭაბურღილებიდან. ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულია 103 კ. და 167 საკურორტო ადგილი; აქვე მოიპოვება და ეფექტურად გამოიყენება სამკურნალო ტალახი – პელოიდი.
მთის კლიმატურ კ-ებსა და საკურორტო ადგილებს მიეკუთვნება ის სივრცე, სადაც სამკურნ.-პროფილაქტიკური მიზნით იყენებენ მთის ჰავის თავისებურებებს. მთაში ორგანიზმზე სამკურნალო ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი – დაბალი ატმ. წნევა, შესაბამისად ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევა; შედარებით გრილი, სუფთა და მშრალი ჰაერი; ულტრაიისფერი სხივების და მსუბუქი უარყოფითი აეროიონების მაღალი კონცენტრაცია. საქართველოში მთის კლიმ. კ-ებისა და საკურორტო ადგილების უმრავლესობა მდებარეობს I, II და III სარტყლებში, ზ. დ. 400 მ-იდან 1500 მ-მდე; IV მაღლივ სარტყელში კი მათი რაოდენობა მცირდება.
ზღვისპირა კლიმ. კ-ებს და საკურორტო ადგილებს განეკუთვნება ის ადგილები, სადაც სამკურნ.- პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება ზღვის ჰაერის, ზღვის კლიმატისა და წყლის სამკურნალო ფაქტორები. ზღვის კლიმატი სხვა კლიმ. ზონებისგან განსხვავდება მაღალი ატმ. და, შესაბამისად, ჟანგბადის მაღალი პარციალური წნევით; ტემპ-რის სადღეღამისო რხევის უმნიშვნელო ამპლიტუდით; ჰაერი გამოირჩევა სისუფთავითა და უარყოფითი აეროიონებით; ზღვისა და მცენარეული წარმოშობის (იოდის, ბრომის, ქლორის და ა.შ.) მიკროელემენტებისა და მინერ. მარილების დიდი კონცენტრაციით; მაღალი ტენიანობით; ოზონისა და მზის რადიაციის სიუხვით. ზღვის წყალი დიდი რაოდენობით შეიცავს მიკრო- და მაკროელემენტებს, რ-თა კანზე მოხვედრა იწვევს სამკურნალო ზემოქმედებას. ურეკი–გრიგოლეთის ზღვისპირა სანაპირო ზოლის ქვიშა შეიცავს მაგნეტიტს, რ-საც აქვს სამკურნ. ეფექტი ნერვული, ძვალ-სახსროვანი, სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალი დაავადების დროს. კლიმატოთერაპია მოიცავს აეროთერაპიას, ჰელიოთერაპიას და ძილს ზღვის ნაპირზე, ასევე ზღვაში ხშირად ბანაობასაც.
კლიმ.-ბალნეოლ. კ. და საკურორტო ადგილი არის კლიმ. კ-ის ან საკურორტო ადგილის ის ქვეტიპი, რ-შიც სამკურნ.-პროფილაქტიკურ ფაქტორს წარმოადგენს კლიმატი და მინერ. წყალი, მეტწილად კლიმატი, ნაკლებად – ბალნეოთერაპია.
პელოიდური კ-ის ან საკურორტო ადგილის სამკურნ. ფაქტორია პელოიდი, რასაც იყენებენ აპლიკაციების, აბაზანების, ტამპონებისა და სხვ. სახით. საქართველოში სამკურნალო ტალახის კ-ები მდებარეობს დაბალი მთის ან შავი ზღვის სანაპირო ზოლში.
საქართველოში არსებობს ბალნეოლ. კ-ები და საკურორტო ადგილები, სადაც ბუნებრივი მინერ. წყალი გამოიყენება ბალნეოლ. პროცედურებისთვის (აბაზანები, ბანაობა აუზში, მინერ. წყლის დალევა, ინჰალაციები და ა.შ.).
კლიმ. კ-ებსა და საკურორტო ადგილებში ბუნებრივი ფაქტორებიდან სამკურნ.-პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება ჰავა. კლიმატურ კ-ზე პროცედურების ჩასატარებლად უნდა არსებობდეს სპეც. ნაგებობები: კლიმატოპავილიონები, აივნები, გალერეები (დღე და ღამე ჰაერზე ყოფნისთვის), სოლარიუმები, აერარიუმები, სამკურნ. პლაჟები (წყალსაცავებზე), სპეც. მარშრუტები სეირნობისთვის და ა.შ. ზოგჯერ გამოიყენება რომელიმე მიკროკლიმატური თავისებურება (მაგ., კარსტული მღვიმის მიკროკლიმატი). კლიმ. საკურორტო ადგილებს ახასიათებს სამკურნალო ჰავა. კლიმატური კ-ებიდან და საკურორტო ადგილებიდან გამოყოფენ მთის, ზღვის, ტყის, ტყე-სტეპის, სტეპის ზონის და უდაბნოს კლიმატის კ-ებსა და საკურორტო ადგილებს. საქართველოში, ძირითადად, მთისა და ზღვის კ-ებია.
ლიტ.: სააკაშვილი ნ., თარხან-მოურავი ი., ტაბიძე მ., ქუთათელაძე ნ. საქართველოს კურორტოგრაფია და საკურორტო თერაპია თბ., 2011.
გ. უშვერიძე
ი. თარხან-მოურავი