კურორტოლოგია (გერმ. Kurort – სამკურნალო ადგილი, ბერძნ. logos – მოძღვრება), მეცნიერება, რომელიც სწავლობს კურორტების სამკურნალო თავისებურებებს, მათ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებას და შეიმუშავებს სანიტ. საკურორტო დაწესებულებათა სისტემის სოც.- ჰიგიენურ პირობებს. კ. მოიცავს ბალნეოლოგიას, ბალნეოთერაპიასა და ბალნეოტექნიკას, სწავლებას სამკურნალო ტალახებზე (ტალახით მნკურნალობა), საკურორტო კლიმატოლოგიას (იხ. კლიმატოლოგია, კლიმატოლოგია სამედიცინო) და კლიმატოთერაპიას (აერო-ჰელიო-თალასოთერაპია), აგრეთვე კურორტების ორგანიზაციის, დაგეგმარებისა და მშენებლობის საკითხებს. კ. მჭიდროდაა დაკავშირებული ფიზიოთერაპიასთან, ფიზიოლოგიასთან, ჰიგიენასთან და ა. შ.
საქართველოში მეცნ. კ-ის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი თსსი-ის თერაპიის კათედრასთან ბალნეოლ. განყ-ბის ჩამოყალიბებამ (1921) და კურორტოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დაარსებამ (1927). ქართველმა კურორტოლოგებმა გამოავლინეს 2000-ზე მეტი მინერ. წყარო (დებიტი 120 მლნ. ლ/დღ/ღ-ში); შეისწავლეს მინერ. წყაროების ფიზ.-ქიმ. თვისებები, კურორტების კლიმატური და მიკროკლიმატური პირობები, ადამიანის ორგანიზმზე საკურორტო ფაქტორების სამკურნ. მოქმედება სხვადასხვა დაავადების დროს და სხვ.
საქართველოში კ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ა. ზალადაშვილმა, ა. ბაკურაძემ, მ. ზანდუკელმა, ი. თარხან-მოურავმა, მ. ნოდიამ, ნ. სააკაშვილმა, მ. ტყემალაძემ, შ. ფარჯანაძემ, გ. წითლანაძემ, გ. ჭირაქაძემ, დ. ჯავახიშვილმა, და სხვ.
გ. უშვერიძე