კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ივანე კონიაშვილის სახელობისა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსი, დაარსდა 1927 ა. ალადაშვილისა და ი. კონიაშვილის თაოსნობით.

ინ-ტი ემსახურებოდა საქართველოში საკურორტო საქმის განვითარებას. სხვადასხვა დროს ინ-ტს ხელმძღვანელობდნენ: ი. კონიაშვილი (1928–38), მ. ტყემალაძე (1938–47), ვ. ანდღულაძე (1947–49), ვ. გოგიბედაშვილი (1949–63), ვ. წითლანაძე (1963–75), ნ. ხატიაშვილი (1976–2000). 2000 ინ-ტი გადაკეთდა ი. კონიაშვილის სახ. კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნ.-პრაქტ. ცენტრად (სააქციო საზ-ბა); სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე – ნ. სააკაშვილი, აღმასრ. დირექტორი – ი. თარხან-მოურავი.

ინ-ტის სამეცნ.-კვლ. საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო საქართვ. საკურორტო რესურსების – მინერ. წყლის, სამკურნალო ტალახის, კლიმატური პირობებისა და სხვა ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორების გამოვლენა და შესწავლა, ადამიანის ორგანიზმზე მათი ფიზიოლ. და თერაპიული მოქმედების დადგენა, ფიზიოთერაპიული ფაქტორების ექსპერ. და კლინ. შესწავლა; ბუნებრივი და პრეფერმირებული ფიზ. ფაქტორების სამკურნალო, პროფილაქტ. და რეაბილიტაციის მიზნით გამოყენების პრინციპებისა და მეთოდების დამუშავება და საკურორტო პრაქტიკაში დანერგვა; კურორტების განაშენიანებისათვის კურორტოლოგიური დასაბუთების შედგენა; საკურორტო რესურსების დაცვა და ა. შ.

ინ-ტის სტრუქტურაში ფუნქციონირებდა ჰიდრომინერალური რესურსების შემსწავლელი განყ-ბა, სამედ. კლიმატოლოგიისა და კლიმატოთერაპიის, ბალნეოთერაპიისა და სამკურნ. ფიზკულტურის, ფიზიოთერაპიის, ლაბორატორიული, ექსპერ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის, კომპლექსური კურორტული მკურნალობისა და რეაბილიტაციის, სამედ. კიბერნეტიკის, საორგანიზაციო-მეთოდური განყ-ბები.

ინ-ტს ექვემდებარებოდა წყალტუბოს ფილიალი, აჭარის სამეცნ. განყ-ბა. მის ბაზაზე მოქმედებდა თსსუ-ის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის და საქართვ. სახელმწ. სამედ. აკადემიის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრები, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კომერც. ინ-ტი. ინ-ტში არსებობდა 50-საწოლიანი სტაციონარი.

ინ-ტს გამოცემული აქვს 50-ზე მეტი სამეცნ. შრომათა კრებული, 40 მონოგრაფია და სახელმძღვანელო, მ. შ. „საქართველოს კურორტოლოგიისა და საკურორტო რესურსების ატლასი“ (1989). ავტორებს (ნ. ხატიაშვილი, გ. უშვერიძე, ვ. ჯალიაშვილი, ტ. ჩიჩუა, ნ. გონგლაძე) მიენიჭათ სახელმწ. პრემია (1993).

2005 ინ-ტი გაერთიანდა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტთან და შეწყვიტა ფუნქციონირება.