კურსები

კურსები, სოფელი იმერეთის რეგიონის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდ. წყალწითელას (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: კ., გელათი, მოწამეთა). ზ. დ. 400 მ, ტყიბულიდან 24 კმ, ორპირიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 2 კმ. 1,6 ათ. მცხ. (2014). სოფელში არის სამშენებლო ქვის (ტეშენიტის) საბადო.

კ. ადგილ. მნიშვნელობის ბალნეოლ.-კლიმ. კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 3,5°C) და ცხელი ზაფხული (ივლ. საშ. ტემპ-რა 22,5°C), ნალექები – 1700 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნ. ფაქტორია დაბალი მინერალიზაციის მინერ. წყალი, რ-ის ძირითადი კომპონენტებია მცირე რაოდენობით გოგირდწყალბადი, ჰიდროკარბონატის, ნატრიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის იონები. დებიტი 6 ათ. ლ/დღ-ღ-ში, ტემპ-რა 16°C. ჩვენება: სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლ. დაავადებანი.

კ. წერილობით წყაროებში პირველად 1403 შედგენილ ცირღალეთა სასისხლო სიგელშია მოხსენიებული. 1545 იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ კ-დან გელათის მონასტერს შეწირულობა განუახლა. ვახუშტი ბატონიშვილი კ-ს ყურსებს უწოდებს და შესაბამის რუკებზე ამ სოფელში აზნაურის ციხე-დარბაზი აქვს აღნიშნული. კ-ში ფეოდ. ხანის რამდენიმე მატერიალური კულტურის ძეგლია შემორჩენილი. აქედან სამი კოშკია, რ-თაგან ერთი კარგად არის შემონახული. კ-ში დღემდე შემორჩენილია ორი ეკლესიის ნანგრევები, ხოლო მესამე – ზენობნის მაცხოვრის ამაღლების დარბაზული ეკლესია განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს და კარგად არის შემონახული. მისი ფასადები ჩუქურთმებითაა შემკული. ამ მხრივ გამორჩეულია დას. ფასადი. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. სამხრ. კარიბჭის თავზე ასომთავრული წარწერაა, რ-იც ამჟამად აღარ იკითხება. სოფელს ესაზღვრება ოწესის მთა, რ-ის მიდამოებშიც ხშირად პოულობენ სხვადასხვა ნივთებს. კ. ოკრიბაში შედიოდა.

თ. ბერაძე