კურცხანის ხეობა, მდ. კურცხანის ხეობა ადიგენის მუნიციპალიტეტში. იწყება ოძრხის ხეობის გასაყართან იქ, სადაც კლდის მაღალ ქიმზე ოძრხის ციხეა აღმართული. კ. ხ. ძველად მჭიდროდ იყო დასახლებული (დაახლ. 10–15 დასახლებული პუნქტი), XVIII ს. დასაწყისში კი თითქმის დაიცალა. ამჟამად დაუსახლებელია. ხეობაში ბევრი ნაეკლესიარი და ნამოსახლარია შემონახული, მ. შ. მთის ქიმზე ნაშენი ადრეული შუა საუკუნეების ციკლოპური წყობით ნაგები დარბაზული ეკლესიების ნანგრევები; მდ-ების ოცხისა და კურცხანის შესაყართან დიდი სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებია, მაგრამ მასზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა შესაძლებელია. მთავარ ეკლესიასთან ახლოს სამი პატარა ეკლესიაა, რ-თა იატაკქვეშ საძვალეებია. მონასტრის აღმ. ნაწილში კიდევ ერთი პატარა ეკლესიაა, რ-იც სხვა ნაგებობებთან შედარებით უკეთესადაა შემონახული. შიგა კედლებზე შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები; აქვეა რამდენიმე ნამოსახლარი. შემორჩენილია ქვის მშრალი წყობით ნაშენი საცხოვრ. სახლების ნანგრევები; ასევე საინტერესოა მაღალი კლდის ქიმზე ნაგები ბოდოკლდის ციხე, საიდანაც კარგად მოჩანს მთელი კ. ხ.
ლიტ.: ლაფაჩი ც., მოხევიშვილი ნ., სულაქველიძე თ., ფეიქრიშვილი ზ., კურცხანის ხეობის საიდუმლოებანი, „ძეგლის მეგობარი“, 1986, № 2.