კუსირეთი, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის ქურთის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვის თემი), მდ. დიდი ლიახვის ხეობაში. ზ.დ. 1020 მ, ქურთიდან 10 კმ.
სოფლის განაპირას მინდორში შემორჩენილია VIII–IX სს. ეკლესიის ნანგრევები. სამშენებლო და მხატვრული დამუშავების ხერხებით კ-ის ეკლესია ქრონოლოგიურად ახლოს დგას შიდა ქართლის, კერძოდ, ქსნის ხეობის სხვა ძეგლებთან (არმაზი, წირქოლი, კაბენი). დარბაზული ტიპის ნაგებობას სამი მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვროდა, აღმ. მხარეს აქვს შიგნით ნახევარწრიული, ხოლო გარედან წახნაგოვანი შვერილი აფსიდი, რ-ის შვერილს ჩვეულებრივისგან განსხვავებით წყვილი წახნაგი აქვს, კერძოდ – 8. ამის გამო აფსიდის შვერილის ცენტრ. ვერტ. ღერძი წიბოზე მოდის, ე. ი. ორი წახნაგის პირაპირზე, ხოლო სარკმლები ამ წიბოს გვერდებზეა გაჭრილი. შიგნით სარკმლები ერთიან თაღოვან ნიშშია მოქცეული. კამარა ეყრდნობოდა პილასტრებზე ამოყვანილ ორსაფეხურიან საბჯენ თაღებს. პილასტრების გვერდებზე თითო ყრუ თაღია. დას. კედელი ერთმანეთისგან პილასტრებით გამიჯნული სამი ყრუ თაღითაა დანაწევრებული, რ-თა თაღებს წვერი წაწვეტებული აქვთ. ინტერიერი შელესილია და სავარაუდოდ, მოხატულიც უნდა ყოფილიყო. შემონახულია მოჩუქურთმებული კანკელის მცირე ფრაგმენტები (IX–X სს). ეკლესიის მახლობლად აღმართულია გეგმით ოთხკუთხა კოშკი (XVII ს).
კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: Меписашвили Р. С., Цинцадзе В., Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб. 1975.