კუტი ბალახი, ჭარელა (Teucrium), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 100-მდე სახეობას. მრავალწლოვანი ბალახი ან ბუჩქბალახია. უმეტესობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. კავკასიაში 11 სახეობა იზრდება, საქართველოში – 5. მათგან T. polium, T. orientale და T. nuchense უფრო ფართოდ გავრცელებული სახეობებია. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ნაზვავებზე, კლდოვან ადგილებსა და ბუჩქნარებში. ესენი მთის ქსეროფიტული მცენარეულობის (ე. წ. ტომილარიების) ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტებია. T. polium იხმარება საკმაზ-სახელეად, T. orientale დეკორატიულია.
ლ. ხინთიბიძე