კუტკალიისებრნი, კუტკალიები (Tettigonioidea), მწერების ზეოჯახი სწორფრთიანთა რიგისა. ნაირჭამია მავნებლებია. გავრცელებულია თბილ და ზომიერ სარტყლებში. მსოფლიოში ცნობილია 7 ათასამდე სახეობა. საქართველოში კუტკალიები იზამთრებენ ნიადაგში კვერცხის ფაზაში. მატლი იჩეკება გაზაფხულზე, 5–8-ჯერ იცვლის კანს და 1–2 თვის (სახეობების მიხედვით) შემდეგ გადაიქცევა იმაგოდ. კუტკალიები დიდ ზიანს აყენებენ მარცვლოვნებს, თამბაქოს, ვაზს. არსებობენ მტაცებელი კუტკალიებიც, რ-ებიც მწერებით იკვებებიან. საქართველოში მავნეობით გამოირჩევა მწვანე კუტკალია (Tettigonia viridissima), გრძელკუდა კუტკალია (Tettigonia caudata), მავნე, ანუ უფრთო კუტკალია (Parapholidoptera noxia), თეთრშუბლა კუტკალია (Decticus albifrons), ამიერკავკასიური რუხი, ანუ ლაქებიანი კუტკალია (Decticus annaelisae), კოლხური იზოფია (Isophya redtenbacheri) და სხვ.
ე. აბაშიძე