კუტუბიძე ავთანდილ ივანეს ძე (8. IV. 1911, სოფ. ქვენობანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 12. X. 1995, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1954), პროფესორი (1958), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).
1934 დაამთავრა თსსი. 1957–74 იყო ამავე ინ-ტის ბავშვთა ქირურგ. კათედრის პროფესორი, 1974-იდან – საფაკულტეტო ქირურგ. კათედრის გამგე.
კ. იკვლევდა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგ. მკურნალობას. დაამუშავა პერიფერიული ნერვის გაკერვისა და ეპითელიუმური ცისტის რადიკალური ოპერაციის ორიგინ. მეთოდები და სხვ.
თხზ.: პერიფერიული ნერვის ტრავმული დაზიანების ქირურგიული მკურნალობა, თბ., 1956; ჭიანაწლავის მწვავე ანთება (აპენდიციტი), თბ., 1961 (თანაავტ. დ. ბერეჟიანი).