კუფტინი ბორის ალექსის ძე [21. I (2.II). 1892, სამარა, – 2. VIII. 1953, ლენინგრადი], არქეოლოგი და ეთნოგრაფი, საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946; წ.-კორ. – 1944). 1919-იდან იყო მოსკ. უნ-ტის პედაგოგი. 1933–53 მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში და იკვლევდა ძირითადად საქართვ. არქეოლ. ძეგლებს. აღმოაჩინა და შეისწავლა თრიალეთის კულტურა. შედეგები გამოაქვეყნა წიგნში „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ (ტ. 1, თბ., 1941), რ-საც 1942 მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია; კ-მა გამოყო აგრეთვე მტკვარ-არაქსის კულტურა. დას. საქართვ. არქეოლ. ძეგლების შესწავლის შედეგები მოცემულია მის ორტომიან ნაშრომში „მასალები კოლხეთის არქეოლოგიისათვის“ (1949–50). მისი თეორ. კვლევის შედეგად მრავალმხრივ განისაზღვრა საქართველოსა და სამხრ. კავკასიის უძველესი მატერ. კულტურის ისტორია, შეიქმნა, შეივსო და დაზუსტდა პერიოდიზაციის სქემები, საზოგადოებრივ მოვლენათა განვითარება.
თბილისში არის ბ. კუფტინის ქუჩა.
ლიტ.: Памяти Б. А. Куфтина, «Вестник древней истории», 1954, № 2 (ახლავს კ-ს შრომების სია).
ე. გოგაძე