კუში

კუში (ძვ. გველფარეხა), სოფელი ქვემო ქართლის რეგიონის წალკის მუნიციპალიტეტში, მდ. ქციის მარჯვ. ნაპირზე., სათავო სოფელი. ზ. დ. 1540 მ, წალკიდან 24 კმ. 532 მცხ. (2014).

1939 კ-ში გაითხარა (ხელმძღვ. ბ. კუფტინი) ორმოსამარხი, რ-შიც აღმოჩნდა ძვ. წ. VII ს. ნივთები (ბრინჯაოს მასიური კვერთხისთავი, ორფრთიანი ყუნწიანი ისრისპირები და სხვ.), მ. შ. სამხრ.-აღმ. სამხრ. კავკ. ტიპის რკინის მახვილი ბრინჯაოს ორკაპა კოტით. 1947 იქვე გაითხარა ქვაყუთი და ქვებშემოწყობილი 4 ორმოსამარხი, რ-ებშიც აღმოჩნდა ადრინდ. ანტ. ხანისათვის დამახასიათებელი მასალა (თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოსა და რკინის ზურგშეზნექილი სამაჯურები, ვერცხლის ფარაკიანი ბეჭედი, ფერადი ქვებისა და მინის მძივები და სხვ.). ქვაყუთში (ძვ. წ. IV ს. I ნახ.) სხვა ნივთებთან ერთად ნაპოვნია შავი მინის ცილინდრული უნიკალური სანელსაცხებლე, აგრეთვე მოყვითალო ანგობით დაფარული და წითელი წერნაქით მოხატული 2 თიხის დოქი, რ-ებიც საქართველოში აღმოჩენილი ადრინდ. ანტ. ხანის უძველესი მოხატული ჭურჭლებია.

1940–47 კ-ის მახლობლად გაითხარა შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XVIII–XVII სს.) 2 მდიდრული გორასამარხი, ე. წ. თოფ-ქარი I და თოფ-ქარი II. ორივე გორასამარხს ქვით ნაგები დასაკრძალავი დარბაზი ჰქონდა. მათში აღმოჩნდა მოყვითალო ანგობის ფონზე ყავისფრად მოხატული დერგები და ჭდეული ორნამენტით შემკული შავპრიალა კერამიკა, ობსიდიანის ისრისპირები, ბრინჯაოს მახვილის ნატეხი, ოქროსა და მინისებრი პასტის მძივები, ოქროს და ვერცხლის გარსაკრავები და სხვ. პირველ გორასამარხში ნაპოვნი გავარსითა და ფერადი ქვების ინკრუსტაციით შემკული ოქროს სფერულთავიანი ვერცხლის საკინძი ძვ. ქართ. ოქრომჭედლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

სოფლის განაპირას, ჩრდ.-დას-ით მდებარეობს VI–VII სს. წმ. გიორგის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია. ნავს სამხრ-ით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა, რ-იც ორი ღია თაღით უკავშირდება გარე სივრცეს. მრგვალ მასიურ ბოძზე დაყრდნობილი თაღები ნალისებრი მოხაზულობისაა. დამახასიათებელია წვრილი თაღებით შედგენილი ლავგარდანი და ორნამენტული დეტალები, რ-თა პარალელები VI–VII სს. ძეგლებში მოიპოვება. კედლები ტლანქად დამუშავებული ქვისაა, მხოლოდ კუთხეების, თაღებისა და სარკმლებისათვის გამოყენებულია კარგად გათლილი კვადრები.

ლიტ.: გოგაძე ე., თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და ენეზისი, თბ., 1972; Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, кн., 1, Тб., 1941; მისივე, Археологические раскопки 1947 г. в Цалкинском районе, Тб., 1948; Ч у б и н а ш в и л и  Н. Г., Ш м е р л и н г  Р.О., Храмы в древных селениях Триалетии – Олтиси и Тетри-цкаро, „ქართული ხელოვნება“, 1948, ტ. 2.

ი. გაგოშიძე