კუცია ვახტანგ ალექსანდრეს ძე (20. VI. 1947, თბილისი, – 2001, იქვე), მხატვარი (კარიკატურა, პლაკატი, წიგნის გრაფიკა), მუსიკოსი. დაამთავრა საქართველოს სას.-სამ. ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტი (1971). 1964-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1965-იდან თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალ-გაზეთებთან: „ნიანგი“; „Крокодил“, „Известия“, „Литературная газета“, „Смена“ (რუსეთი); „Szpilki“ (პოლონეთი); „Eulenspiegel“ (გერმანია); „Dikobraz“ (ჩეხეთი) და სხვ. ძირითადი ნამუშევრები: 10 ათასზე მეტი კარიკატურა, გააფორმა და დაასურათა „ქართული ხალხური ზღაპრები“ (I–II ტ.; 1991–92), კრებული „150 საბჭოთა პოლიტიკური ანეკდოტი“ (1991). ავტორია იუმორისტული კრებულებისა: „30 ნახატი კახელებზე“, „ბურთი იცინის” (1998) და სხვ. გამოფენები: პერსონალური – „მერანი” (1986), საქართველოს ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმი (1991), თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (2010) და სხვ. მონაწილეობდა კარიკატურისტთა კონკურსებში. პრესაში გამოქვეყნებული კარიკატურების რაოდენობის გამო კ. შეტანილია გინესის რეკორდსმენთა სიაში. 1986-იდან იყო ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. ანსამბლი ასრულებდა მის მუსიკასა და ლექსებზე შექმნილ რამდენიმე სიმღერას. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (1996).