კუცია კარლო კონსტანტინეს ძე (14. X. 1933, სოფ. ჯუგაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 8. V. 2011, თბილისი), ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1996). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირანის ისტ. სპეციალობით (1958). 1959–60 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებულ უცხო წყაროთა კომისიაში, 1960- იდან – საქართვ. მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შუა საუკუნეების ისტ. განყ-ბის თანამშრომლად. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში, თეატრალურ, ასევე აზიისა და აფრიკის ინ-ტებში.
კ-ს კვლევის სფერო მოიცავდა აღმოსავლურ წყაროებს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, მათ სოც.- ეკონომიკურ სტრუქტურას, თარგმნა არაერთი მანამდე უცნობი წყარო: ესაი ჰასან ჯალალიანცის „აღვანთა ქვეყნის ისტორია“ (1971); „ისფაჰანის ქართველი ტარუღები“ (1618–1722), არაქელ დავრიჟეცის „ცნობები საქართველოს შესახებ“ (1974); თომა მეწოფელის „ისტორია თემურლენგისა და მისი შთამომავლებისა“ (1987); Икта в Тарих-и Алам-арай-и Аббаси, კრებ. მახლობელი აღმოსავლეთი და საქართველო (1991); რუს. ენაზე თარგმნიდა ძვ. ქართ. ჰაგიოგრაფიული ლიტ. ძეგლებს [„Житие и Мученичество святого мученика Константи грузина, который был замучен царём вавилонян Джафаром“ (1978; თანაავტ. ნ. ვაჩნაძე)].
კ-ს სამეცნ. პუბლიკაციები (80- მდე ნაშრომი, ამათგან 5 მონოგრაფია) გამოცემულია ასევე რუს., სომხურ, სპარსულ, ინგლ. და ფრანგ. ენებზე სხვადასხვა ქვეყანაში.
თხზ.: აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქალაქები XV–XVIII საუკუნეებში, თბ., 1976; ამქრები XVII–XVIII საუკუნეების საქართველოს ქალაქებში, თბ., 1984; Социально-экономическая структура и социальная борьба в городах Сефевидского Ирана, Тб., 1990; Цеховые уставы грузинских городов XVIII–XIX веков, Тб., 2001.
ნ. გელაშვილი